გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აუდიტის ანგარიშის რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - აუდიტის ანგარიშის რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია

ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია.

სამინისტროს ცნობით, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და 2018 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიში 2017 წლის კვლევებს ეფუძნება.

„ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა დღეისთვის უკვე შესრულებულია, კერძოდ: 2018 წელს, ოფიციალურად დამტკიცდა და ვადების შესაბამისად ხორციელდება გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა; 2018 წლის 27 ივლისს დამტკიცდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები; პირველი აგვისტოდან ეს სტანდარტები ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა; უმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; რუსთავში უკვე გაიხსნა ერთი ახალი სადგური; აპრილში თბილისს დაემატება კიდევ ერთი ავტომატური სადგური; სადგური გაიხსნება კასპშიც; იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის მონიტორინგის ქსელს ხუთი ახალი სადგური დაემატება; ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის დროულად, უწყვეტად და მარტივი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი: air.gov.ge; გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა და ახორციელებს ჰაერის დაცვის თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გეგმას; გაუმჯობესდა უწყებათშორისი კომუნიკაცია, რომლის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური უწყებათშორისი კომისია“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება რეკომენდაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექნის თაობაზე, უწყების მონაცემებით, აღნიშნული სისტემის შექმნაზე მუშაობა მიმდინარე წელს, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყება.

სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში პრობლემურ დამაბინძურებლებს მიწისპირა ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირჟანგი (CO) წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„აღნიშნული დამაბინძურებელი ნივთიერებების თანამედროვე ავტომატური სადგურებზე უწყვეტი მონიტორინგის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით ფასდება და არც ერთი მათგანი არც 2017 და არც 2018 წლებში არ აჭარბებდა დადგენილ ნორმას. აღნიშნული უზუსტობები გამოწვეულია მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაში დაშვებული ცდომილებით“, – აღნიშნავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორების მიერ ჩატარებულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი, საქართველოს გარდა, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ანგარიშის მიხედვით, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.