„გარეჯიდან“ წასულები საგარეჯოელებმა ახალწვეულებით ჩაანაცვლეს #1TVSPORT
საგარეჯოს „გარეჯი 1960“ სეზონის განახლებამდე მზადებას აგრძელებს. გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, ასევე არიან ახალწვეულებიც.
„საგარეჯოს გუნდის რიგები დატოვეს – სოსო ქარდავამ, ნიკოლოზ ყურშავიშვილმა, გიორგი ქავთარაძემ და თორნიკე მოსიაშვილმა. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს გუნდისთვის გაწეული სამსახურისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს“, – წერია „გარეჯი 1960“-ის განცხადებაში.
ამავე დროს, კლუბში ორი ახალწვეულია – გუნდის ღირსებას დაიცავს კონსტანტინე სეფიაშვილი – გამოცდილი მეკრე, რომელმაც კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, გახდა საქართველოს ნაკრების კანდიდატი, ითამაშა „დინამო თბილისში“, ბოლოს კი ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა.
ასევე „გარეჯში“ გააგრძელებს კარიერას თავდამსხმელი თეიმურაზ შარაშენიძე, რომელსაც უთამაშია უნგრულ „დიორ ეტოში“, ცხინვალის „სპარტაკში“, საჩხერეს „ჩიხურაში“, ლანჩხუთის „გურიაში“, ფოთის „კოლხეთი-1913“-ში, ჩოხატაურის „ბახმაროში“, მარტვილის „მერანში“, ბოლო სეზონი კი „თბილისი სითიში“ გაატარა.
„გარეჯმა“ სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა – საგარეჯოელები თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდნენ და შეხვედრა 1:1 დაასრულეს.