ფოთის „კოლხეთი“ „გარეჯთან“ მატჩზე გულშემატკივრების კვოტის გაზრდას ითხოვს - გადამწყვეტ შეხვედრაზე მხოლოდ 40 ქომაგის შეშვება კატეგორიულად მიუღებელია #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ „გარეჯთან“ მატჩზე გულშემატკივრების კვოტის გაზრდას ითხოვს - გადამწყვეტ შეხვედრაზე მხოლოდ 40 ქომაგის შეშვება კატეგორიულად მიუღებელია #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურის მატჩი საგარეჯოს „გარეჯსა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის საგარეჯოში 2 დეკემბერს გაიმართება – შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. ბოლო ტურამდე „კოლხეთი“ 76 ქულით ლიდერია და „გარეჯს“ ქულით ასწრებს.

მატჩამდე საგარეჯოს „გარეჯი 1960“-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სტუმრებზე მხოლოდ 40 მოსაწვევი გაიცემა.

„ჩვენს სტადიონზე ადგილების შეზღუდულობისა და მატჩზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო გულშემატკივრებს სტადიონზე შემოსასვლელად დაგჭირდებათ მოსაწვევი, რომელიც უფასოდ მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის გაიცემა.

დებულების თანახმად, სტუმართა გუნდს ეკუთვნის მოსაწვევების 5%, რაც წარმოადგენს 25 მოსაწვევს, თუმცა, სტუმართა გუნდის პატივისცემით, ფოთის „კოლხეთისთვის“ გაიცემა 40 მოსაწვევი. გაითვალისწინეთ, რომ მოსაწვევის გარეშე სტადიონზე შემოსვლას ვერ შეძლებთ. სასურველია, სტადიონზე მობრძანდეთ მაქსიმალურად ადრე, უგულშემატკივრეთ „გარეჯს“, – წერია კლუბის განცახდებაში.

ფოთის „კოლხეთი 1913“ საპასუხო განცხადებაში ითხოვს, რომ სტადიონზე მათ გულშემატკივრებს ადგილების ხუთ პროცენტზე მეტი დაუთმონ.

„2 დეკემბერს საგარეჯოში გაიმართება ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, 36-ე ტურის მატჩი საგარეჯოს „გარეჯსა“ და ფოთის „კოლხეთი 1913“-ს შორის. მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ინტერესი იმდენად დიდია, რომ ფოთელ ქომაგთა დიდ არმიას დაგეგმილი აქვს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩზე გამგზავრება.

ამას გარდა, საგარეჯოში წასვლას გეგმავენ ზუგდიდიდან, სენაკიდან, ბათუმიდან, ლანჩხუთიდან და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ცალკე თემაა თბილისში მცხოვრებ ფოთელთა დიდი ჯგუფი, რომელიც ასევე ემზადება თავისი მშობლიური გუნდის საქომაგოდ.

სამწუხაროდ, მასპინძელი გუნდის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუმარი გუნდის ქომაგებისათვის დაწესებულია შეზღუდვა, რაც სტადიონის ტევადობის 5%-ზეა გათვლილი. ეს რაოდენობრივად ფოთელთა მხრიდან მხოლოდ 40 ქომაგის (ისიც პრივილეგირებული ფორმით) შეშვებას ითვალისწინებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

500 კაცამდე ტევადობის ტრიბუნების გარდა, სტადიონზე არის ფეხზე დასადგომი ადგილები, რომელიც ცალსახად შეუძლიათ, დაიკავონ სტუმრად ჩასულმა ქომაგებმა, თან მაქსიმალური წესების დაცვით, რის უზრუნველყოფას საკუთარ თავზე სტუმარი მხარე იღებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საგარეჯოს „გარეჯის“ ხელმძღვანელობა გამოიჩენენ პატივისცემის ჟესტს და საშუალებას მისცემენ ადგილობრივ და სტუმარ ქომაგებს, დაესწრონ ასეთი მაღალი მნიშვნელობის შეხვედრას, რათა მატჩის ნახვის გარეშე არ დავტოვოთ მაყურებელი, რომელიც სტადიონს დაუბრუნდა. აქედან გამომდინარე, სამართლიან ბრძოლაში გაირკვეს იმ გუნდის ვინაობა, რომელიც 2024 წლის სეზონს ეროვნულ ლიგაში დაიწყებს“, – წერია ფოთის „კოლხეთის“ განცხადებაში.