„გარდიანი“ - საბერძნეთის ხელისუფლება საზღვრების გახსნამდე ერთი კვირით ადრე კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია
საბერძნეთის ხელისუფლება საზღვრების გახსნამდე ერთი კვირით ადრე კორონავირუსის შემთხვევების მატებით შეშფოთებულია. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გააკეთეს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
საბერძნეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა 97 ახალი ინფიცირებული, რომელთა უმეტესობა უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული მოქალაქეა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა ორი ადამიანი. ვირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა ქსანთის რეგიონში აღრიცხეს, სადაც ვირუსი აპრილის თვეში ყველაზე ფართოდ გავრცელდა.
„ვინც ფიქრობს, რომ ვირუსი მოვიშორეთ, ცდება. უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ წესები, რათა ვირუსი არ დაბრუნდეს“, – განაცხადა საბერძნეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ჰარდალიასმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი ტურისტული სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან გეგმავს. ათენისა და სალონიკის ორი აეროპორტი მოგზაურებს 30 ქვეყნიდან მიიღებს. რეგიონული აეროპორტები კი მუშაობას პირველ ივლისს განაახლებენ.
საბერძნეთში ამ დრომდე აღრიცხულია კორონავირუსის 3049 შემთხვევა. გარდაცვლილია 182 ადამიანი.