„გარდიანი“ – ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ცდილობენ, ქვეყანაში რუსული „რბილი ძალის“ ანიმაციის, „მაშა და დათვის“ ტრანსლირება შეწყდეს
ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ცდილობენ, ქვეყანაში რუსული „რბილი ძალის“ ანიმაციის, „მაშა და დათვის“ ტრანსლირება შეწყდეს, – ამის შესახებ სტატიას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ანიმაციის მიმართ შეშფოთება, შესაძლოა, ერთი შეხედვით ნაკლებად სერიოზულად ჩანდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მინისტრებს წერილი მისწერა და მოუწოდა, განიხილონ, შეუძლიათ თუ არა „მაშა და დათვის“ დიდ ბრიტანეთში ტრანსლირების შეჩერება. მათივე თქმით, ანიმაცია რუსულ პროპაგანდას ავრცელებს და მას „რბილი ძალის“ გამოვლინებად აფასებენ.
წერილში, რომლის ავტორიც არის ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარი ტომ გორდონი და პარლამენტის 50-ზე მეტი წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ ანიმაციის პერსონაჟთა ზოგიერთი ქმედება „პროპაგანდისტულ შინაარსს“ შეიცავს.
პარლამენტარები მიუთითებენ ერთ ეპიზოდზე, რომელშიც მაშას საბჭოთა ეპოქის სამხედრო ფორმა აცვია. ამასთან, პარლამენტის წევრების თქმით, ის საბჭოთა პერიოდის სასაზღვრო დაცვის ქუდს ატარებს, რომელიც ისტორიულად ასოცირდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან (НКВД).
„ჩვენ გწერთ, რათა მოვითხოვოთ მთავრობის სასწრაფო ზომები Netflix-ის განცხადების შემდეგ, რომ მან შეიძინა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ ორი ახალი სეზონი და გააგრძელა ლიცენზირების ხელშეკრულება არსებული სეზონებისა და სპინოფებისთვის 100-ზე მეტ ქვეყანაში. ეს კონტენტი ასევე გადაიცემა გაერთიანებულ სამეფოში, ITVX-ზე. ბრიტანელ ბავშვებს აქვთ წვდომა როგორც გლობალური სტრიმინგის მთავარ პლატფორმაზე, ასევე ცნობილ ადგილობრივ მაუწყებელზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მიუღებელია“, – ნათქვამია წერილში.
ცნობისთვის, Netflix-მა რუსული ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ კიდევ ორი სეზონის ტრანსლირების უფლება შეიძინა, ასევე გააგრძელა წინა სეზონების ლიცენზია. როგორც ცნობილია, Netflix-ის პლატფორმაზე ანიმაციის ყურება 100-ზე მეტ ქვეყანაში იქნება შესაძლებელი.
ამასთან, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნაც. მისი თქმით, „მაშა და დათვი“ კრემლის რბილი ძალის ნაწილია, რომელიც ბავშვთა გართობაში კრემლის მხარდამჭერ და მილიტარისტულ გზავნილებს ნერგავს.