გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე
გარდაიცვალა რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე

80 წლის ასაკში რეჟისორი და მსახიობი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობელმა დაუდასტურა.

გოგი ქავთარაძე 1963–1969 და 1972–1976 წლებში იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, რეჟისორი; 1969–1972 წლებში ბათუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, ხოლო 1974–1976 წლებში თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. 1976–1982 წლებში ქუთაისის თეატრის დირექტორი, სამეცნიერო ხელმძღვანელი. 1982-1992 — სოხუმის თეატრის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1992-1999 წლებში ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1999–2004 წლებში რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

დადგმული აქვს 90-მდე სპექტაკლი, გადაღებულია 25 ფილმში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.