„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამის შესახებ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, მარი ბენდელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა.

„მთელი დღის მანძილზე უბნების გარეთ აღინიშნებოდა აგიტატორებისა და დაინტერესებული ჯგუფების მობილიზება, რაც ამომრჩევლის ნებაზე შესაძლო არაპირდაპირი გავლენის მოხდენის საფრთხეს ქმნიდა“, – განაცხადა მარი ბენდელიანმა.

მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, დაფიქსირდა მარკირების არასათანადოდ წარმოების ფაქტებიც, თუმცა შემთხვევები საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან დროულად აღმოიფხვრა.

მარიამ ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა და მუქარა მიუღებელია.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მოქალაქეებზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შემცველი ქმედების განხორციელების ფაქტებს. აღსანიშნავია, არჩევნების დღეს გამოვლენილ მსგავს ფაქტებზე შსს-ს მიერ გამოძიების დაწყება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებას, დროულად გამოიძიოს აღნიშნული ფაქტები, რათა დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ“, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, „განვითარებისა და დემოკრატიის ფონდის“ მობილური ჯგუფები 2019 წლის შუალედური არჩევნების შემდგომ პერიოდსაც დააკვირდებიან და საზოგადოებას შესაბამის შედეგებსა და რეკომენდაციებს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 18 უბნის დათვლის შემდეგ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლადო კახაძემ 62.19 პროცენტი მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 37.81 პროცენტი.

არჩევნები სულ 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.