განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. პროკურორის თქმით, ბრალდებულები უცხოეთში დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულის ლეგალიზაციას ახდენდნენ და შემდეგ შემოჰქონდათ საქართველოში.

„მათ ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ედავება ბრალად. აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდების მხარემ მოითხოვა პატიმრობა, რადგან ყველა ის საფრთხე, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია გაწერილი ამ ბრალდებულების მიმართებაში არსებობდა. სასამართლომაც აბსოლუტურად სწორედ გაიზიარა ეს არგუმენტაცია და ბრალდებულებს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებულები საზღვარგარეთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციას ახდენდნენ. საქართველოში შემოჰქონდა ნაღდი ფულით და სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ფულად საკრედიტო სისტემაში ჩართვის, უძრავი ქონების მრავალჯერადი ტრანზაქციების გამოყენებით, ასევე სათამაშო ბიზნესში ახორციელებდნენ ხარჯვას“, – განაცხადა საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

დაცვის მხარე პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმება. მათი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ვარაუდზეა დაყრდნობილი.

„მიგვაჩნია, ბრალდება აბსურდულია, საქმეში არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. შეიძლება ითქვას, ბევრი ფაქტი იწევს ეჭვებს და ვარაუდებს ეყრდნობა. მიუხედავად ამისა, ვითხოვდით, ყველა ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, გირაო მაინც შეეფარდებინათ. ეს არ გაითვალისწინა არც სასამართლომ, არც ბრალდებამ. ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში“, – განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ქაჩიბაიამ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი პირი დააკავა. გამოძების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით.

2020 წლის 8 ივლისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შ.ა.-ს და დ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს