განათლების სამინისტრო - ენგურის ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ გეგმაზე ვმუშაობთ, ყველა აბიტურიენტის ინტერესი იქნება დაცული
განათლების სამინისტრო - ენგურის ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტულ გეგმაზე ვმუშაობთ, ყველა აბიტურიენტის ინტერესი იქნება დაცული

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება.

ამის შესახებ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სამინისტრო აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ავრცელებს.

ამასთან, სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

„ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება ყველა აბიტურიენტის ინტერესი და მათ აუცილებლად მიეცემათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.

ამასთან, ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს იწყება და 23 ივლისს დასრულდება.  შესაძლოა, პრობლემები შეექმნათ აბიტურიენტებს, რომლებიც გამოცდების ჩაბარების მიზნით ენგურის ხიდზე  შეზღუდვის გამო გადმოსვლას ვერ შეძლებენ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის განცხადებით,  არის 175 აბიტურიენტი, რომელიც ცდილობს, მოახერხოს და პირველ ივლისს ჩააბაროს გამოცდები. მისი თქმით,  ყველა სტრუქტურა ჩართულია და მუშაობს, რომ შეზღუდვა რაც შეიძლება მალე მოიხსნას .

ამასთან, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მომდევნო კვირაში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.