ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მომდევნო კვირაში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება
ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვა მომდევნო კვირაში, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეწუხებულია.

„ღრმად ვარ შეწუხებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან გამშვებ პუნქტებზე შეზღუდვების გამო, რაც ქმნის დამატებით სირთულეებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის. შეზღუდვები უნდა მოიხსნას იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული ჰუმანიტარული კრიზისი. ეს იქნება მნიშვნელოვანი თემა მომდევნო კვირაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისას“, – წერს ტოივო კლაარი „ტვიტერში“.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად ჩაკეტა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ენგურის ხიდის ნაწილობრივ ჩაკეტვა განიხილება, როგორც მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების უკანონო შეზღუდვა.