პარტია „ახალი“ – გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი, „ფედერალისტების“ ქმედება ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებად განიხილება
პარტია „ახალი“ 28 ნოემბერს გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება აშორებთ მთავარ მიზანს, რის გამოც პარტიული კონკურენცია უნდა გადადონ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები.
პარტია „ახალი“ განცხადებაში გუშინდელ აქციასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე აკეთებს განმარტებას.
„პარტია „ახალი“, როგორც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საჭიროდ მივიჩნევთ, განცხადება გავაკეთოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით:
უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი აქცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა და იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი არა თუ აგრძელებს პროტესტს, არამედ იბრძვის საბოლოო გამარჯვებისთვის და უკან არ იხევს, ვიდრე არ მიაღწევს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.
დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამ მიზანს გვაშორებს და ერთიანი ბრძოლის იდეას აზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პარტიულ პოზიციას და იმ პოლიტიკური ერთობის მიზნებს, რომლის წევრებიც ვართ, მათ შორის, ოპოზიციის ალიანსის.
კონკრეტულად გუშინდელ საკითხს რომ მივუბრუნდეთ და დაინტერესებული ადამიანების ლეგიტიმური ინტერესი დავაკმაყოფილოთ, განვმარტავთ, რომ:
პირველი: ბანერები ყველა პოლიტპატიმრისთვის თავისუფლების მოწოდების შესახებ არის მართებული;
მეორე: ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით – „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან არის მიუღებელი;
მესამე: როდესაც აქცია იკრიბება განაცხადით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დაუშვებლად მიგვაჩნია აქციის მონაწილეთა მთავარი მისწრაფებიდან პარტიულად ორგანიზებული გადახვევა, განსაკუთრებით, ალიანსის დანარჩენ წევრებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
მეოთხე: გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტიის, „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ალიანსის დანარჩენი წევრების უპატივცემლობა.
პარტია „ახალი“ არ არის ორიენტირებული პოლიტიკურ უთანხმოებაზე. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება გვაშორებს მთავარ მიზანს. პარტიული კონკურენცია უნდა გადავდოთ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები. ეს კი მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია შესაძლებლად, როდესაც ჩვენი ერთიანი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ „საქართველოს ივანიშვილის გარეშე““, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.