განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ნათია მიქელაძე აცხადებს, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასახელებას მეცნიერება დაემატება. ამის შესახებ მან პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სამინისტროების რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილადნენ. იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებულ კანონპროექტს.
„დღეს სესიაზე იყო მოსაზრება ერთ მუხლთან დაკავშირებით, სადაც სამინისტროების ჩამონათვალია გაკეთებული. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე სადაც არის საუბარი, ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და ჩვენი პოზიციაა, რომ დასახელებას მეცნიერება დაემატოს. ფორმულირება ალბათ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იქნება, შესაძლებელია მეცნიერება, განათლება, კულტურა, სპორტი – შეიძლება ამაზეც ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.
„მივესალმები ამ პოზიციას – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მივესალმები, რომ შეჯერდა ამ მხრივ პოზიციები. ვიცი, როგორ ელოდებიან ამ გადაწყვეტილებას, ამიტომ, კარგია, რომ მოხდა შეთანხმება მთავრობასთან“, – განაცხადა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ ნათია მიქელაძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი სამინისტროს სახელი იქნება – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და არა ის, რაც იყო თავდაპირველ ვერსიაში, სადაც დევნილების ნაცვლად ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ეწერა.
პარლამენტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ სამინისტროს დასახელებაში სიტყვა მეცნიერების ჩაწერის მოთხოვნაზე დღეს განაცხადა, რომ დასახელება პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს. ამას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე, რომელმაც განაცხადა, რომ, მისი აზრით, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან. ამასთან, რეზო არველაძის განცხადების პასუხად ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ საშუალება იქნებოდა, აღნიშნულ საკითხს მეორე მოსმენის დროსაც მიბრუნებოდნენ.