რეზო არველაძე - როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან
რეზო არველაძე - როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან

როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა მეცნიერების აზრი არ იციან, – ამი​ს შე​სახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ის განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ სახელწოდებაში სიტყვა მეცნიერების ამოღების საკითხს გამოეხმაურა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

„ბატონო ირაკლი, მინდა, მოგმართოთ თქვენ და პატივცემულ კოლეგებს, რადგან, როგორც ჩანს, სამთავრობო სტრუქტურებმა სიტყვა „მეცნიერების“ აზრი არ იციან, რა არის სამეცნიერო ტექნიკური პროგრესი, არ იციან. მიდის ლაპარაკი – შიგნით ჩვენ გავითვალისწინებთ, პრიორიტეტად გვექნება და ა.შ. როგორც კომუნისტური პერიოდის დროს იყო, ეს არის ჯიბრში ჩადგომა, რომ სხვისი წინადადება არ მიიღო. მე ჯიბრში არ ჩავუდგები არავის, მხარს დავუჭერ წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა მიმაჩნია, რომ არასწორია ამის არგათვალისწინება. გულით მინდა, რომ რეფორმებმა გამოიღოს შედეგი, ყოველ შემთხვევაში, ამას ჩვენი პარლამენტი დარჩენილი ორი წლის განმავლობაში დაინახავს და ღმერთმა ქნას, მართლა ასე იყოს, როგორც არის წარმოდგენილი“, – განაცხადა არველაძემ.

რევაზ არველაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ სამინისტროს დასახელებაში სიტყვა მეცნიერების ჩაწერის მოთხოვნაზე განაცხადა, რომ დასახელება პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს.

„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუშინ საუბარი, კონსულტაციები, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მივიჩნევთ, რომ დასათაურებანი პრიორიტეტებს არ განსაზღვრავს. გაცხადებული იყო, რომ პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა მეცნიერება, განათლება, ყველა დარგი პრიორიტეტული არის მთავრობისთვის და შესაბამისად, კონკრეტულად ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც იქნა განცხადებული, იქნება კიდევ უფრო მეტი ყურადღება დათმობილი, როგორც ბიუჯეტის თვალსაზრისით, ასევე სხვა მიმართულებითაც. ამიტომ, ვფიქრობთ, ის დასათაურება, რაც არის წარმოდგენილი, უნდა დარჩეს ამ სახით“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

რეზო არველაძის განცხადების პასუხად ნათია მიქელაძემ აღნიშნა, რომ საშუალება იქნება, აღნიშნულ საკითხს მეორე მოსმენის დროსაც მიუბრუნდნენ.