გამომძიებელი ჟურნალისტი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შევძელით, სულ რამდენიმე დღე და მის სახელს ყველა გაიგებს
გამომძიებელი ჟურნალისტი - ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შევძელით, სულ რამდენიმე დღე და მის სახელს ყველა გაიგებს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შევძელით, სულ რამდენიმე დღე და მის სახელს ყველა გაიგებს, – ეს განცხადება საქართველოს რადიოსთან ინტერვიუში პროექტ „ბელინგქათის“ გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ქრისტო გროზევმა გააკეთა.

„ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე წყაროსთან და გვაქვს მტკიცებულება, რაც შესაძლოა, დაგვეხმაროს ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის რეალური ვინაობის დადგენაში, რომელიც ყალბი სახელის, ვადიმ სოკოლოვის უკან იმალება. ჩვენ უკვე პრაქტიკულად შევძელით მისი იდენტიფიცირება. სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდება და შემდეგ მის ნამდვილ სახელს ყველა გაიგებს“, – განაცხადა გროზევმა.

​ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებას ბერლინის პოლიცია აგრძელებს. გერმანული და საერთაშორისო მედია წერს, რომ ხანგოშვილი სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. პროექტ „ბელინგქათის“, გერმანული გამოცემა „შპიგელისა“ და რუსული „ინსაიდერის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოა დაკავშირებული.

პროექტ „ბელინგქათის“ გამომძიებელ ჟურნალისტ ქრისტო გროზევთან ინტერვიუს სრულ ვერსიას 8 სექტემბერს საქართველოს რადიოს ეთერში გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“ მოისმენთ.