ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შევძელით, სულ რამდენიმე დღე და მის სახელს ყველა გაიგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტ ქრისტო გროზევთან
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება შევძელით, სულ რამდენიმე დღე და მის სახელს ყველა გაიგებს - ექსკლუზიური ინტერვიუ გამომძიებელ ჟურნალისტ ქრისტო გროზევთან

ბერლინის ცენტრში მოკლული საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებას ბერლინის პოლიცია აგრძელებს. გერმანული და საერთაშორისო მედია წერს, რომ ხანგოშვილი სავარაუდოდ შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. პროექტ „ბელინგქათის“, გერმანული გამოცემა „შპიგელისა“ და რუსული „ინსაიდერის“ მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის სახელმწიფოა დაკავშირებული.

ამ თემაზე ჩვენ ვესაუბრეთ პროექტ „ბელინგქათის“ გამომძიებელ ქრისტო გროზევს, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიებას ხელმძღვანელობს.

თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყევით თქვენ მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ და გვითხარით, რომელია მთავარი მტკიცებულება, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ამ საქმეში რუსეთის სახელმწიფო იყოს გარეული?

უპირველესად, გეტყვით, რომ ეს გამოძიების პირველი ნაწილია. ზოგადად, მსგავს საქმეებზე მუშაობისას, ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც გვაქვს ეჭვი, რომ დანაშაულში შესაძლოა სახელმწიფო იყოს გარეული, გამოძიებას ორ ეტაპად ვატარებთ. თავდაპირველად ვცდილობთ, მოვაგროვოთ ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმესთან სახელმწიფოს კავშირს ადასტურებს. მეორე ეტაპზე კი უკვე ვმუშაობთ კონკრეტულად დამნაშავის ამოცნობაზე.

ასე რომ, გამოძიების პირველ ნაწილში, რომელიც უკვე გამოვაქვეყნეთ, დამტკიცებულია, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში სახელმწიფო მონაწილეობდა. უმთავრესი მტკიცებულება ისაა, რომ ჩვენ ვერცერთ მონაცემთა ბაზაში ვერ ვიპოვეთ ის ადამიანი, რომელიც დაკავებულია და მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შევამოწმეთ ამ ადამიანის  პასპორტიც და აღმოჩნდა, რომ ის ნამდვილად მოქმედია და რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაცემული, მაგრამ ადამიანი, რომლის სახელზეც არის ეს პასპორტი, უბრალოდ არ არსებობს. ჩვენი მოსაზრებით, ასეთი რამ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც საქმეში სახელმწიფოა ჩართული. არცერთ ქვეყანაში და მათ შორის ისეთ კორუმპირებულ და ცენტრალიზებულ სახელმწიფოში, როგორიც რუსეთია, ვერავინ შეძლებს  ყალბი პასპორტის მიღებას და შემდეგ  ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლირებადი საზღვრის შეუმჩნევლად გავლას ისე, რომ მისი პასპორტის მონაცემები ეროვნულ ბაზაში არ  დაფიქსირდეს. ეს ყველაფერი აჩენს ეჭვს, რომ ხანგოშვილის მკვლელობა არის დაკავშირებული ან ნებადართული რუსეთის სახელმწიფოს მიერ. ეს მკვლელობა ნამდვილად არ მომხდარა ორ ფიზიკურ პირსა ან ბიზნესპარტნიორს შორის კონფლიქტის შედეგად. ეს არის მკვლელობა, რომელზეც ლიცენზია რუსეთმა გასცა.

თქვენი გამოძიებით დადგინდა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდაპირველად პარიზში ჩავიდა და შემდეგ უკვე ბერლინში, სადაც დანაშაული ჩაიდინა, ანუ შენგენის ზონაში ყალბი პასპორტით უპრობლემოდ ჩასვლა შესაძლებელია?

ეს ჩვენთვისაც დიდი გამოცანაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ასეთი რამ პირველად ხდება. მოგეხსენებათ, მანამდე დადგინდა, რომ ყოფილი ორმაგი ჯაშუშის რუსი სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე ადამიანებს არ ჰქონდათ პერსონალური მონაცემები. ხანგოშვილის მკვლელის მსგავსად, ისინიც  არ არსებობდნენ. თუმცა მათ  ბრიტანეთის რამდენიმე ვიზა მაინც მიიღეს. ვხედავთ, რომ სხვა რუსი ჯაშუშებიც თავისუფლად იღებენ ესპანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის ან ნიდერლანდების ვიზას. ახლა ანალოგიურ სიტუაციაში ვართ. ჩვენს გამომძიებლებს სულ რაღაც ნახევარი დღე დასჭირდათ იმის დასადგენად, რომ ხანგოშვილის სავარაუდო მკვლელის პასპორტში მითითებული მისამართი საერთოდ არ არსებობს. დავადგინეთ, რომ ის არსად მუშაობს, არასდროს მიუღია ანაზღაურება და გადასახადების გადამხდელთა სიაშიც არ არის. ეს ადამიანი არ ირიცხება რუსეთის არცერთ მონაცემთა ბაზაში, მაგრამ მან მაინც შეძლო შენგენის მრავალჯერადი ვიზის მიღება და ეს მხოლოდ ერთ დღეში მოახერხა. ასე რომ, შეგვიძლია თამამად ვთქვათ – შენგენისა და დიდი ბრიტანეთის ვიზის გაცემის პროცედურაში ნამდვილად არის ხარვეზები. ახლა კითხვა საფრანგეთს უნდა დავუსვათ. როგორც გახდა ეს შესაძლებელი? და ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ჩვენ შემდეგ გამოძიებაში შევეცდებით.

როგორც ვიცით, თქვენ გქონდათ კომუნიკაცია გერმანიის საგამოძიებო სამსახურებთან. შეგიძლიათ გვითხრათ, რას ამბობენ ისინი ეჭვმიტანილზე და დღეს იმის მტკიცება შესაძლებელია, რომ ის ნამდვილად რუსი ჯაშუშია?

გერმანელ გამომძიებლებთან საუბრის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ გერმანელმა ჟურნალისტებმა ეს შეძლეს და ჩვენ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შევიტყვეთ, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავდაპირველად უარყო დანაშაული. პოლიციის მიერ მყარი მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ, მან გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრა მოითხოვა. ვიცით, რომ ეჭვმიტანილს სხეულზე რამდენიმე სვირინგი აქვს –  გვირგვინი, პანტერა და გველი. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ მკვლელობა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, მაშინ ეჭვმიტანილი არა შტატიანი თანამშრომელი, არამედ დაქირავებულია, რადგან რუსეთის კანონმდებლობით, სპეცსამსახურებში მომუშავე ადამიანებს სვირინგები არ უნდა ჰქონდეთ. ეს მათ ამოცნობას აიოლებს.

თქვენი აზრით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მოტივი?

ხანგოშვილის წარსულის გათვალისწინებით, ის შესაძლოა ყოფილიყო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამიზნე. სწორედ ეს სამსახური ხელმძღვანელობდა ჩეჩნეთის ომში მონაწილე რუსეთის მტრების გამოვლენისა და ლიკვიდაციის ოპერაციებს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის მხარეს იბრძოდა და ის რუსეთის მტერი იყო. უახლოეს წარსულში ჩვენ ვიხილეთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მოსკოვის მტრების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციები. ასევე არ არის გამორიცხული, ეს ყოფილიყო ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის პერსონალური ვენდეტაც, რადგან კადიროვმა მამამისის ყველა მოწინააღმდეგეს ომი გამოუცხადა და ჩვენ გავარკვიეთ, რომ საქართველოს მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სამიზნე.  შურისძიების მოტივს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფოს თანხმობითა და მონაწილეობით მოხდა. ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მონაწილეობა კი ნაკლებად სავარაუდოა. როგორც წესი, ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებზე ნადირობენ. ასე მოხდა უკრაინაში, სადაც მათ 2008 წლის ომის მონაწილე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მრჩევლის მკვლელობა სცადეს, თუმცა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლები ამ დრომდე ჩეჩნებს არასდროს ერჩოდნენ. ჩეჩნების წინააღმდეგ, როგორც წესი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან კადიროვის პერსონალური უსაფრთხოების სამსახურის წევრები მოქმედებენ. ხანგოშვილის მკვლელობის საბაბი თითოეულ მათგანს ჰქონდა. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის შემკვეთი და დანაშაულის ორგანიზატორიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურია.

დავუბრუნდეთ გამოძიების მეორე ნაწილს. რა ეტაპზეა ახლა ის?

ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე წყაროსთან და გვაქვს მტკიცებულება, რაც შესაძლოა დაგვეხმაროს ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის რეალური ვინაობის დადგენაში, რომელიც ყალბი სახელის – ვადიმ სოკოლოვის მიღმა იმალება. ჩვენ უკვე პრაქტიკულად შევძელით მისი იდენტიფიცირება. სულ რამდენიმე დღე დაგვჭირდება და შემდეგ მის ნამდვილ სახელს ყველა გაიგებს.

ხომ არ გქონიათ თანამშრომლობის მცდელობა გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებთან?

არა. გერმანიის უსაფრთხოების სამსახურები ჯერ დუმილს ამჯობინებენ, რადგან საქმე პოლიტიკას ეხება. ამ ეტაპზე ხანგოშვილის მკვლელობას ლოკალურ დონეზე, ბერლინის პოლიცია იძიებს.  იმ მომენტიდან, როდესაც დადგინდება, რომ მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფოა ჩართული, ეს საქმე ავტომატურად გადაეცემა მთავრობის უსაფრთხოების ეროვნულ სამსახურებს. დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩვენი გამოძიების მეორე ნაწილი გამოქვეყნდება და ყველა დაინახავს მკვლელის რეალურ სახეს, მაშინ ეს უკვე გახდება ჯაშუშობა და სახელმწიფოს მიერ შეკვეთილი მკვლელობა. მაშინ გერმანიის უსაფრთხოების სამსახური მას უფრო სერიოზულად მოეკიდება.

პროექტ „ბელინგქათის“ გამომძიებელ ჟურნალისტ ქრისტო გროზევთან ინტერვიუს სრულ ვერსიას 8 სექტემბერს საქართველოს რადიოს ეთერში გადაცემა „მსოფლიოს ამბებში“ მოისმენთ.