გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას დაარეგულირებს
„საქართველო ამ მომენტისთვის ეფექტურად ახერხებს ვირუსის გავრცელების შეკავებას და ევროპაში რჩება ქვეყნად, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გავრცელება, რაც იმედისმომცემია, – ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ შედეგის შენარჩუნებას სჭირდება ხელისუფლებას და ჯანდაცვის სამსახურებსა და საზოგადოებას შორის სრული თანამშრომლობა.
„თქვენ იცით, რომ პარლამენტში თავიდანვე მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომლებიც იყო რეკომენდებული, შემდეგ გავაფართოვეთ ეს ზომები. მინდა გაცნობოთ ასევე, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში სპეციალური ბრძანება გამოიცემა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ეს იქნება ძირითადად თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობენ მაღალი გავრცელების ქვეყნებში. ამ მომენტისთვის არც ერთი პარლამენტარი, პარლამენტის არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მედიკოსებს.
„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს რეკომენდაციები და ყველა ჩვენს თანამშრომლებს, ვინც დაიცვა ეს რეკომენდაციები. მინდა, გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად შეზღუდოთ საჯარო ღონისძიებები, რომელიც დამატებით იმართება ტრადიციულად პარლამენტში, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმ აუცილებელი სხდომებით და აუცილებელი პროცედურებით, რომელიც პარლამენტის ფუნქციონირებისათვის არის ამ მომენტში აბსოლუტურად და დასაბუთებულად აუცილებელი. სპეციალური ბრძანება, რომელსაც ჩვენ გამოვცემთ, დაარეგულირებს ჩვენი თანამშრომლებისა და პარლამენტის წევრების რეაქციას ვირუსის რისკებთან დაკავშირებით. ამ ბრძანებაში იქნება გაწერილი, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც ადამიანი თვითიზოლაციაშია, რა მოხდება მაშინ, როდესაც ექიმის რეკომენდაციით რჩება სახლში ან მოუწევს კარანტინის რეჟიმში ყოფნა. ყველა ეს შესაძლო სიტუაცია იქნება გაწერილი და დარეგულირებული შესაბამის ბრძანებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, დღეს დარეგისტრირდება რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც შეეხება განსაკუთრებით მნიშვნელოვან, საგანგებო სიტუაციებში პარლამენტის მიერ საკითხების დისტანციური განხილვისა და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის შემოღებას.
„ეს კიდევ ერთხელ დაგვეხმარება, რომ პირობას, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი ქვეყნის არჩევნებთან დაკავშირებით, ამ მომენტში არავითარი საფრთხე არ დაემუქროს. მე, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ყველაზე კარგი სცენარით განვითარდება მოვლენები ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს შესაძლებლობა რეგლამენტში, ვფიქრობ, მაინც უნდა იყოს ჩაწერილი, რათა ყველა შესაძლო პრობლემისგან დავაზღვიოთ პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.