გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს
გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირა დააკავეს.
როგორც „ბიბისი“ წერს, სამართლდამცველების სანქცირებული ოპერაცია მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ნორტ დაიტონში ჩატარდა. ტეიშეირა საკუთარ სახლში დააკავეს. 21 წლის ჯეკ ტეშეირა მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის დაზვერვის განყოფილების წევრი იყო.
„იუსტიციის დეპარტამენტმა დღეს ჯეკ ტეიშეირა ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის სავარაუდო შენახვისა და გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით დააკავა. ტეიშეირა შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის თანამშრომელია. გამოძიება გრძელდება და დამატებით ინფორმაციას შესაბამის დროს მოგაწვდით“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.
სისხლის სამართლის დანაშაულზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც დოკუმენტების გაჟონვის შესახებ პენტაგონმა იუსტიციის დეპარტამენტს აცნობა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტები მიმდინარე წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფით საიდუმლოა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.