გამოავლინეს ცილა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას თმის ცვენის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი — #1tvმეცნიერება
გამოავლინეს ცილა, რომლის საფუძველზეც შეიძლება შეიქმნას თმის ცვენის სამკურნალო ეფექტიანი პრეპარატი — #1tvმეცნიერება

ახალმა კვლევამ გამოავლინა ცილა, რომელიც როგორც ირკვევა, გადამწყვეტია თმის ზრდისა და თმის ფოლიკულების დაცვისთვის. ამ ცილას MCL‑1 ეწოდება და პოტენციურად შესაძლებელია მედიკამენტებით მისი მიზანში ამოღება გარკვეული სახის სიმელოტის, მაგალითად, ალოპეციის სამკურნალოდ.

სინგაპურის Duke‑NUS-ის სამედიცინო სკოლისა და ავსტრალიის უოლტერ და ელაიზა ჰოლის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინეს, რომ როდესაც თაგვებში MCL-1-ის წარმოება დაბლოკეს, მოგვიანებით ამ ცხოველებს თმა გასცვივდათ.

თმის ფოლიკულები მიძინებისა და ზრდის ციკლებს გადიან, MCL-1 კი კრიტიკულ როლს ასრულებს ზრდის ფაზაში. ირკვევა, რომ ეს ცილა გავლენას არ ახდენს თმის ფოლიკულების ზრდის ფაზაზე ან საწყის განვითარებაზე.

„MCL‑1-ის მწვავე ამოშლა სწრაფად გამოლევს თმის ფოლიკულების აქტივირებულ ღეროვან უჯრედებს და სრულად ბლოკავს დეპილაციით გამოწვეულ თმის რეგენერაციას ზრდასრულ თაგვებში, მაგრამ ხელუხლებლად ტოვებს თმის ფოლიკულების მიძინებულ ღეროვან უჯრედებს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ისედაც უკვე ცნობილი იყო, რომ MCL-1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს რამდენიმე სხვადასხვა სახის ქსოვილის აპოპტოზისგან დაცვაში. აპოპტოზი არის ზედმეტი ან დაზიანებული უჯრედების დაპროგრამებული კვდომა, რათა შენარჩუნდეს სხეულის ფუნქციონირება.

როცა საქმე თმას ეხება ცილა MCL-1 უზრუნველყოფს ფოლიკულების ღეროვანი უჯრედების დასტრესვისა და დაზიანების პრევენციას, რადგან ისინი მოსვენებული მდგომარეობიდან გაღვიძებულში გადადიან. MCL-1-ის დაცვის გარეშე, ეს უჯრედები ფუნქციონირებას წყვეტს.

მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ახალი დეტალები MCL-1-ის ფუნქციის შესახებ, ცხადყვეს ის გზები, რომლითაც ის ბლოკავს სხვა ცილას, სახელად BAK-ს და ასევე ისიც, როგორ რეგულირდება MCL-1 სიგნალირების გზით, სახელად ERBB. ეს დეტალები შეიძლება გამოსადეგი იყოს თმის ცვენის მკურნალობის ახალი მეთოდების შესაქმნელად.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ERBB სიგნალირება ამოდულირებს MCL-1-ის ექსპრესიას ტრანსლაციური კონტროლის მექანიზმების გზით, განსაკუთრებით მომატებული აპოპტოზისა და თმის ციკლის რეგრესიის პერიოდებში“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა მხოლოდ თაგვებს ეფუძნებოდა; შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კარგი მიზეზი ვიფიქროთ, რომ ჩვენს თავებშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს, საჭიროა, რომ ეს შედეგები კლინიკურ ცდებში ადამიანებშიც დადასტურდეს.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ალოპეციის რამდენიმე სხვადასხვა სახე, რომელთაგან ყველას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს: თუ ერთ მშვენიერ დღეს შეიქმნება პრეპარატი, რომელიც MCL-1-ის გაძლიერებაზე იქნება ფოკუსირებული, ის თმის ცვენის ყველა ტიპზე არ იმუშავებს.

მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, ამ ერთი ცილის მოქმედება მნიშვნელოვანი აღმოჩენაა თმის ფოლიკულების მიერ თმის ზრდის საქმეში. აღმოჩენამ შეიძლება ცნობები მიაწოდოს იმ პროცესთა სამომავლო კვლევებსაც, რომლებზეც ცილა MCL-1 ახდენს გავლენას, მათ შორისაა კიბოს უჯრედების დახოცვა.

„ეს კვლევა აფართოებს ჩვენს წარმოდგენას თმის ფოლიკულების რეგენერაციის მიღმა არსებულ მოლეკულურ მექანიზმთა შესახებ და ახალ ცნობებს გვთავაზობს იმის შესახებ, როგორი ორკესტრირებულია ღეროვანი უჯრედების გადარჩენა და ქსოვილის რეგენერაცია“, — წერენ მკვლევრები.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.