Gallup-ის კვლევა – ისლანდიაში გამოკითხულთა 51.6% ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, ხოლო 48.4% – მომხრეა
ორგანიზაცია Gallup-ის მიერ ისლანდიაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51.6% ისლანდიასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების განახლებას ეწინააღმდეგება, მომხრეა – 48.4%.
გამოკითხვა 24-27 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა, იტყობინება „როიტერი“.
კვლევის ფარგლებში 4 583 ადამიანი გამოიკითხა.
ამასთან, საპირისპირო შედეგები აჩვენა რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას 51,3% მხარს უჭერდა, ხოლო 48,7% ეწინააღმდეგებოდა.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს, ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე გამოტანილია კითხვა: „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები?“ ამომრჩევლისთვის შეთავაზებულია ორი პასუხი: „დიახ“ და „არა“.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2013 წელს, განაცხადის შეტანიდან ოთხი წლის შემდეგ, შეწყვიტა.