მომდევნო პროცესზე გაირკვევა, იქნება თუ არა მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო სხდომა საჯარო
მომდევნო პროცესზე გაირკვევა, იქნება თუ არა მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლო სხდომა საჯარო

​დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ კალანდიას ადვოკატს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო სხდომები ნაწილობრივ საჯარო გახდება.

აღნიშნული შუამდგომლობა სხდომაზე დაცვის მხარემ დღეს დააყენა, გადაწყვეტილება კი, მომდევნო პროცესზე გახდება ცნობილი.

ადვოკატის და ოჯახის პოზიციის მიხედვით, საქმეზეა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რის გამოც, სხდომები ნაწილობრივ საჯარო უნდა გახდეს, კერძოდ როდესაც არ მოხდება არასრულწლოვანი მოწმეების დაკითხვა. დღესვე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მიხეილ კალანდიას სურვილია, რომ სხდომები გაიხსნას. ეს შუამდგომლობა განიხილა მოსამართლემ და შემდეგ სხდომაზე იქნება პასუხი. სასამართლოს აქვს მზაობა, რომ ნაწილობრივ იყო საჯარო. საჯარო უნდა იყოს იმ ნაწილში, როდესაც არ ხდება არასრულწლოვნის დაკითხვა“, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

პროკურორ მირიან მეგრელიშვილის თქმით, საქმეში არსებული მოწმეების უმეტესობა არასრულწლოვნები არიან, შესაბამისად სხდომა არ უნდა იყოს საჯარო.

„დაცვის მხარე წარსდგა შესავალი სიტყვით. ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მომდევნო სხდომაზე დაიწყება უკვე მოწმეების დაკითხვა. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, რათა არ გახმაურდეს სხვა არასრულწლოვნების სახელები, მიზანშეუწონელია სხდომები იყოს საჯარო“, – განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

მომდევნო სხდომა 14 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი 24 ივლისს დაიხურა.

დატოვე კომენტარი