გაგრის „დინამოს“ პრეზიდენტი - ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი დევნილი გუნდის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
გაგრის „დინამოს“ პრეზიდენტი - ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ერთი დევნილი გუნდის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT

ახლახანს აღდგენილი საფეხბურთო კლუბის, გაგრის „დინამოს“ პრეზიდენტმა, დავით თაქთაქიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა და კლუბის გეგმები გაასაჯაროვა.

„მადლობა მინდა გადვუხადოთ გულშემატკივრებს გაგრის „დინამოს“ მიმართ დადებითი და თბილი სიტყვების გამო. მადლობა, რომ ქართულ საფეხბურთო სივრცეში ჩვენს დაბრუნებას მოუთმენლად ელით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კლუბი და ქალაქი ვასახელოთ და წარმატება მოვუტანოთ. ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ისტორიული და დევნილი გუნდის აღდგენა.

ყველა დევნილ გუნდთან მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება გვსურს, რადგან ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენ თანაქალაქელ „გაგრას“ უნიკალური შედეგი აქვს და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აფხაზეთიდან ყველაზე წარმატებულ გუნდად ითვლება. ვიმედოვნებ, რომ ყველა კლუბთან გვექნება ძალიან მეგობრული ურთიერთობა, განსაკუთრებით კი – თანაქალაქელ „გაგრასთან“. აფხაზეთიდან რაც შეიძლება ბევრი საფეხბურთო კლუბის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტმა ახალგაზრდამ გაიხსენოს და ისწავლოს, რომ ეს კუთხე და ეს ქალაქები საქართველოა!

2024 წელს გაგრის „დინამოს“ რამდენიმე გუნდი ეყოლება – რეგიონულ ლიგაში (ვაჟთა შორის), ქალთა ლიგაში (საქართველოს ჩემპიონტის მეორე ლიგა), ასევე ჭაბუკთა ლიგაში („ვერცხლის ლიგა“), სამოყვარულო ლიგაში (თბილისის ლიგა 2), ბავშვთა აკადემიის გუნდი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონ ლიგაში.

პირველი წლისთვის საკმაოდ დიდ სამუშაოს გავწევთ და ვფიქრობ, რომ 2024 წელს გაგრის „დინამოს“ 200-ზე მეტი ფეხბურთელი ეყოლება. ჩვენი მიზანი იქნება ზრდა და ყოველ წელს შედეგების გაუმჯობესება. ამ ეტაპზე გუნდების დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია და იანვრის ბოლოს ვარჯიშებს დაიწყებენ.

2024 წელს ჩვენ აუცილებლად გვექნება პრეზენტაცია, სადაც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ გეგმებზე და მხარდამჭერებზე, რომელთა გვერდში დგომის გარეშეც გუნდი ვერ აღორძინდებოდა“, – წერს დავით თაქთაქიშვილი.