ნახეთ ქალთა ნაკრების წევრების და მწვრთნელის ემოციები - სოხუმის „დინამოს“ დირექტორი ქალთა ნაკრების წაგებას გამოეხმაურა #1TVSPORT
ნახეთ ქალთა ნაკრების წევრების და მწვრთნელის ემოციები - სოხუმის „დინამოს“ დირექტორი ქალთა ნაკრების წაგებას გამოეხმაურა #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ატჩში 0:11 დამარცხდა. საფეხბურთო კლუბის, სოხუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი დავით თაქთაქიშვილი ამასთან დაკავშირებულ კომენტარებს უპასუხა.

ის ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებს შეეხო. საქმე ისაა, რომ მან სოხუმის „დინამოში“ ქალთა გუნდები შექმნა, ამიერკავკასიაში პირველი ქალთა აკადემია ჩამოაყალიბა და ასაკობრივ ნაკრებებს მოთამაშეებით ამარაგებს.

„ჩვენმა ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო ირლანდიაში. გავიხსენოთ, 5-6 წლის უკან ქალთა ფეხბურთი საქართველოში რა დოზით იყო და რა მხარდაჭერა ჰქონდა. გოგონები ბიჭების ნაკრებების გამონაცვლელი, თბილისში შეკერილი ფორმებით თამაშობდნენ. ასაკობრივი ნაკრები აეროპორტში რომ იკრიბებოდა, მწვრთნელები კითხულობდნენ – უბანში ვნახე კარგად თამაშობსო?!

დღეს საქართველოს ქალთა ფეხბურთი პირველ ნაბიჯებს დგამს, ეროვნული ჩემპიონტი დაიწყო და დღეს უკვე მე-2 ლიგაც გვაქვს, მალე მე-3 ლიგაც იქნება“, – წერს სოხუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი.

დავით თაქთაქიშვილი ქალთა ფეხბურთში სოხუმის „დინამოს“ როლზეც წერს:

„ფეხბურთზე უკვე ბევრი დადის. სოხუმის „დინამოში” 200-მდე გოგონა გვყავს. ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს და გუნდებს გვეხმარება, რომ განვითარდეთ. გვეხმარებიან მოედნებით, ბურთებით, ფორმებით, ტრანსპორტით და ყველა ტექნიკური ხარჯით. ამ დროს ზოგიერთი გოგოების მარცხით ხარობს. ჰკითხეთ ამ გოგონებს, რას გრძნობენ, მათთვის რა არის საკუთარი ქვეყნის მაისურით მარცხი, ნახეთ საშულო ხელფასი ირლანდიაში და მერე – საქართველოში“.

დავით თაქთაქიშვილი იმედოვნებს, რომ ქალთა ფეხბურთში წინსვლა იქნება:

„საქართველოში ქალთა ფეხბურთი 5-6 წელი ვითარდება. კიდევ მრავალი წელი გვინდა იმისთვის, რომ გავუთანაბრდეთ თუნდაც ირლანდიას. ჩემი თხოვნაა, დაანებოთ თავი ამ გოგონებს და გაამხნევეთ, რადგან ეს ფეხბურთელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ღირსება დაიცვან. ჩემი პატივისცემა თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელს, მენეჯერს თუ სტაფის წევრებს. მჯერა ყველაფერი მაგრად იქნება და მოვა ის დრო, როდესაც ჩვენც გავიხარებთ“.