სოხუმის „დინამოს“ გენდირექტორი - ბიზნესი გვაიგნორებს, ისტორიულ კლუბს გადარჩენა სჭირდება
სოხუმის „დინამოს“ გენდირექტორი - ბიზნესი გვაიგნორებს, ისტორიულ კლუბს გადარჩენა სჭირდება

სოხუმის „დინამოს“ გენერალურმა დირექტორმა, დავით თაქთაქიშვილმა გუნდის წინაშე არსებული პრობლემები გაასაჯაროვა – მისი თქმით, ამ ისტორიული კლუბის დასახმარებლად არაერთ ბიზნესმენს მიმართა, მაგრამ თანადგომა არავინ ისურვა.

„დღეს მინდა ძალიან გულწრფელი ვიყო და დავსვა ისეთი კითხვები, რომელზე პასუხის გაცემაც ძალიან მიჭირს. სოხუმის „დინამო“ არის ხიდი აფხაზებსა და ქართველებს შორის. ჩვენი „დინამო“ 1925 წლის 14 იანვარს დაარსდა, 96 წლისაა და დევნილ ქართულ გუნდებს შორის ყველაზე ისტორიული გუნდია.

ამ გუნდს შესწევს ძალა, ძმობა და საფეხბურთო ურთიერთობები განამტკიცოს, მაგრამ კერძო სექტორს არ აინტერესებს ეს ისტორია, გუნდის პოლიტიკური და ეროვნული მნიშვნელობა და გუნდის არსებობაც! სოხუმის „დინამოს“ თანადგომა 50-ზე მეტ კომპანიას ვთხოვეთ, გუნდს სტადიონის, ბურთის და მგზავრობის ფული რომ დაეფარა, მაგრამ სრული იგნორია!“, – წერს დავით თაქთაქიშვილი. მან მსგავსი კლუბების მაგალითი მოიყვანა: „ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში „ყარაბახის“ დაფინანსება წელიწადში 16 მილიონი ევროა! 2020 წლის მონაცემებით და 2021 წლიდან იზრდება! საქართველოში კი დევნილ კლუბებს შორის ფლაგმანი გუნდისთვის ბიზნეს 30.000 ლარი ენანებათ. ეს არის რეალობა!

როდესაც ამბობენ, ფეხბურთის სახელმწიფოსგან დაფინანსება შეცდომააო, ასეთ მომავალს ახლა ჩვენს თავზე ვცდით. 2020 წლის სეზონის სპორტული შედეგებიდან გამომდინარე, 2021 წელს სოხუმის „დინამო“ სახელმწიფო სუფსიდიას არ მიიღებს. ამიტომ იმ ხალხს მოგმართავთ, ახლა რა ვქნათ? მუნიციპალიტეტი სოხუმს არ გააჩნია და არც მთავრობას აქვს უფლება, რომ გუნდს ფული გამოუყოს?! ფედერაცია არ არის ვალდებული, კერძო კლუბი დააფინანსოს და ეს ასეც უნდა იყოს! მე ფეხბურთის ფედერაციასთან ან მთავრობასთან პრეტენზია ვერ მექნება“.

თაქთაქიშვილი მიმართავს ყველას, რომ გუნდი გადაარჩინონ: „ჩვენი გუნდი დიდ ფინანსურ კრიზისშია და მოგმართავთ ყველას, ვისაც გული შეგტკივათ სოხუმზე, აფხაზეთზე, ფეხბურთზე! მოგვეხმარეთ იმისთვის, რომ კლუბმა იარსებოს! 30,000 ლარი არის საჭირო, რომ გუნდმა ჩემპიონატში ითამაშოს. მოგმართავთ თქვენ, კომპანიებს! ბევრს მივწერეთ და უბრალოდ ცარიელი ფურცელი გამოგვიგზავნეს, ზოგმა წერილი უკან დაგვიბრუნა ან პირდაპირ გვითხრეს – ფეხბურთი არ გვაინტერესებსო.

დაგვხმარეთ, რათა 96 წლის მქონე ისტორიის მქონე კლუბმა არსებობა განაგრძოს! სირცხვილია, რომ ეროვნულ და ქვეყნის სამსახურში მდგომ გუნდებს, რომლებიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებისა და გაერთიანებისთვის არიან მომართულები, აიგნორებენ! ბევრი ნახავს ჩემს ამ ღია წერილს და იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში არიან ღირსეული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესმენები და ხალხი, ვისაც უყვარს ფეხბურთი, უყვარს სოხუმი! იმედია, ერთად დგომით სოხუმის „დინამოს“ ღირსეულად გამოსვლის საშუალებას მივცემთ“.