„გაგრის“ ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ლომთაძეს გუნდი არ დაუტოვებია #1TVSPORT
„გაგრიდან“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი ლომთაძის წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, გოდერძი ჩიხრაძემ განაცხადა.
„კლუბში საკადრო სიახლეებია. გუნდიდან წასულ მოთამაშეებზე ყველა ინფორმაცია მართალი იყო, მაგრამ არა ლომთაძის ამბავი – გიორგი არ წასულა და სეზონის განახლებისთვის ჩვენთან ერთად ემზადება“, – განაცხადა გოდერძი ჩიხრაძემ საქართველოს პირველ არხთან.
ცნობილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „გაგრა” რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა – ნოდარ ლომინაძე თბილისის „დინამომ” დაიბრუნა და შემდეგ იჯარით წყალტუბოს „სამგურალში“ გაუშვა. ამას გარდა, „გაგრასთან” საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა და „დინამოში” დაბრუნდა 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გვიშიანიც, გუნდი დატოვა სენეგალელმა თავდამსხმელმა, არფრანგ დაფემ.
ბოლო ცნობებით კი, „გაგრა“ დაემშვიდობა ოთარ ფარულავას, ზურაბ სეხნიაშვილს, ნიკოლოზ ჭანტურიას, ივანე ხაბელაშვილს, გიორგი ბუხაიძეს, ტამიმუ უორუს და მარიო შარბელ ბას.