„გაგრის“ პრეზიდენტი - ავსტრიაში მიმიწვიეს და „ზალცბურგთან“ თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ #1TVSPORT
„გაგრა“ ავსტრიის ბოლო წლების საუკეთესო კლუბთან, „ზალცბურგთან“ ითანამშრომლებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ეროვნული ლიგის კლუბის პრეზიდენტმა, ბესიკ ჩიხრაძემ განაცხადა.
„13 წელია, „რედ ბულთან“ ვთანამშრომლობთ. მათთან ბიზნესკავშირი „გაგრის“ პარტნიორ კომპანიასაც აქვს. გაზაფხულზე საქართველოში მათი გენერალური დირექტორი ჩამოვიდა და როდესაც გაიგო, რომ საფეხბურთო კლუბიც გვყავს, დაინტერესდა.
ახლა ავსტრიაში დაგვპატიჟა, გაგვაცნო მუშაობის სტრუქტურა, კლუბის აკადემია. მერე ზაგრების „დინამოსთან“ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩსაც დავესწარით.
საბოლოოდ, თანამშრომლობაზე მოვილაპარაკეთ. ავსტრიელები კლუბის მართვის გამოცდილებას გაგვიზიარებენ, ჩვენი მწვრთნელები „ზალცბურგში“ სტაჟირებას გაივლიან და ბევრ რამეს ისწავლიან. მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მთავარია, რომ არის სურვილი და იმედი მაქვს, შედეგი ძალიან კარგი იქნება.
პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც „რედ ბულმა“ შეიძინა, სწორედ „ზალცბურგი“ იყო. შემდეგ მის სისტემას გერმანული „ლაიფციგი“ დაემატა, ასევე ორი კლუბი ჰყავთ ბრაზილიაში, ამერიკაში – „ნიუ-იორკ რედ ბული“, ხოლო ახლახან საფრანგეთის ლიგა 2-ის „პარიზიც“ შეიძინეს.
დიდი იმედი მაქვს, რომ ავსტრიელებთან თანამშრომლობა „გაგრასაც“ სასიკეთოდ წაადგება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ბესიკ ჩიხრაძემ.