„გაგრას“ მწვრთნელი - თასის მოპოვება ის ნაბიჯია, რომლითაც მეც და გუნდიც უნდა გავიზარდოთ
„გაგრას“ მწვრთნელი - თასის მოპოვება ის ნაბიჯია, რომლითაც მეც და გუნდიც უნდა გავიზარდოთ

გორში გამართულ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის გათამაშების ფინალში „გაგრამ“ „სამგურალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გახდა თასის მფლობელი.

გაგა კირკიტაძის გუნდი ჩვენს ქვეყანას 2021-2022 წლების სეზონში უეფა-ს კონფერენს ლიგაზე წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ასაკში ამხელა პასუხისმგებლობის აღება რომ გიწევს, გინდა თუ არა, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა. ჩვენს მოთამაშეებს მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან აქამდე დიდი შრომით მოვედით და გამარჯვებას იმსახურებდნენ. პატარა პრობლემები გვქონდა, მაგრამ ვიბრძოლეთ, რომ ფინალამდე მოვსულიყავით“, – ამბობს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე.

33 წლის სპეციალისტი „გაგრასთან“ ერთად თასის ფინალში უკვე მეორედ გავიდა. პირველად ეს 2018 წელს მოხდა და ქუთაისის „ტორპედოსთან“ წაგებული შეხვედრისას დენის ხომუტოვის ასისტენტი გახლდათ. უკრაინელმა სპეციალისტმა ფინალის შემდეგ გუნდი დატოვა და 2018 წლის 18 დეკემბერს კირკიტაძე მთავარი მწვრთნელი გახდა.

„ფინალში გასვლა ჩემთვის დიდი გამოცდილება და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ის ნაბიჯი იყო, რომლითაც მეც და გუნდიც უნდა გავიზარდოთ“, – აცხადებს კირკიტაძე.

გაგა კირკიტაძე საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ აღზრდილია. ამ კლუბში დაიწყო მისი როგორც საფეხბურთო, ასევე სამწვრთნელო კარიერა. „გაგრაში“ ფეხბურთელის ამპლუაში 2004-2007 წლებში თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, 2009 წელს „გაგრაში“ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა, 2015-2016 წლების სეზონში კი მთავარი მწვრთნელი გახდა. 2018 წელს ის გუნდში ხელახლა მიიწვიეს.