„გაგრამ“ „საბურთალო“ დაამარცხა - პირველად თასის ისტორიაში, ფინალში ლიგა 2-ის გუნდები შეხვდებიან (ვიდეო)
„გაგრამ“ „საბურთალო“ დაამარცხა - პირველად თასის ისტორიაში, ფინალში ლიგა 2-ის გუნდები შეხვდებიან (ვიდეო)

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ისტორიაში პირველად, ფინალში ერთმანეთს ლიგა 2-ის გუნდები დაუპირისპირდებიან.

თბილისის „ტექნიკური ცენტრი ბაზაზე“ „გაგრამ“ თასის მოქმედი მფლობელი „საბურთალო“ მიიღო. პირველ ტაიმში „გაგრას“ სერიოზული პრობლემა შეექმნა – 32-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „გაგრას“ 19 წლის მცველი ლუკა ჯაფარიძე გააძევა.

თუმცა, თასის მფლობელმა ამ უპირატესობით ვერც ძირითად დროში ისარგებლა და ვერც დამატებულ ორ 15-წუთიან ტაიმებში. საბოლოოდ, საჭირო გახდა პენალტების სერიის დანიშვნა.

„გაგრამ“ ხუთიდან ოთხი პენალტი ზუსტად შეასრულა, შანსი მხოლოდ გიორგი ვეკუამ ვერ გამოიყენა. „საბურთალოს“ კაპიტნის, გაგი მარგველაშვილის შესრულებული პენალტი კი მეკარე დავით კერესელიძე მოიგერია, „საბურთალოს“ თავდამსხმელმა, თემურ გაბუნიამ ბურთი კარს ააცილა და „გაგრამ“ კიდევ ერთი დიდი წარმატება მოიპოვა 4:2.

„გაგრა“ უკვე მესამედ გავიდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში, პირველად ეს 2011 წელს მოახერხა – ფინალში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და დამატებულ დროში 1:0 სძლია. გუნდმა ფინალში გასვლა 2018 წელსაც შეძლო და ისევ „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად ვერ დაამარცხა – გამარჯვებული ძირითად და დამატებულ დროში (2:2) ვერ გამოვლინდა, პენალტების სერია კი ქუთაისელებმა უკეთ შეასრულეს (4:2).

შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტიც ლიგა 2-ის გუნდია – წყალტუბოს „სამგურალი“, რომელმაც 26 მაისის სახელობის სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურა“ დამაჯერებლად დაამარცხა – 2:0.

ამგვარად, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ერთმანეთს პირველად ლიგა2-ის გუნდები დაუპირისპირდებიან – „სამგურალო“ და „გაგრა“.