„გაგრამ“ მოგება ხელიდან გაუშვა - „სიონმა“ კონკურენტის ჩავარდნით ისარგებლა [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრამ“ მოგება ხელიდან გაუშვა - „სიონმა“ კონკურენტის ჩავარდნით ისარგებლა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 31-ე ტურის მატჩები გაიმართა, რომელმაც სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერთა ჯგუფში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.

რუსთავი – ჩიხურა 1:0

ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული შეხვედრის მთავარი ამბები ბოლო წუთებზე მოხდა. 70-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ პენალტი ვერ გამოიყენა. 90-ე წუთზე, „რუსთავის“ მეკარე გოგი კულუა და „ჩიხურას“ ნახევარმცველი ნიკა ხარაიშვილი მოედნიდან გააძევეს. შეხვედრის ბედი კი 90+3-ე წუთზე მასპინძელთა 20 წლის მცველმა შალვა მაღალდაძემ გადაწყვიტა და „რუსთავმა“ 3 ქულა მოიპოვა.

შევარდენი 1906 – გარეჯი 5:0

კასპის სტადიონზე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი საგარეჯოს „გარეჯი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა „შევარდენმა“, რომლის მიზანიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. გოლები თომა ხუბაშვილის (1), ნიკა ყურშავიშვილის (14. ავტოგოლი), რამინ დოობის (37), თემურ ბექაურის (48) და ომარ ბულუხაძის (85) ანგარიშზეა.

დინამო ზგ – მერანი მრ. 0:3

განმუხურში ზუგდიდის „დინამომ“ მტკივნეული მარცხი განიცადა და მდგომარეობა გაირთულა. მარტვილელებმა ფაქტობრივად, პლეიოფში თამაში გაინაღდეს. მათგან თავი გამოიჩინეს ნიკა ხარაბაძემ (19), დავით ლომთაძემ (37) და ბაქარ ლაღაძემ (90+5).

მერანი თბ. – გაგრა 1:1

სპაერის“ სტადიონზე „გაგრა“ ორი ლიდერის, გურამ სამუშიას და გიორგი ვეკლუსას გარეშე დაუპირისპირდა თბილისის „მერანს“ და მორიგ გამარჯვებასთან ახლოს იყოს. მე-12 წუთზე საქართველოს თასის მფლობელი ოთარ ფარულავამ დააწინაურა. მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე, 90+5-ე წუთზე, თბილისის „მერანის“ თავდამსხმელმა ცოტნე ჩიქოვანმა წონასწორობა აღადგინა და ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ „გაგრას“ უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა.

სიონი – ვიტ ჯორჯია 4:0

კონკურენტის შედეგით კარგად ისარგებლა „სიონმა“, რომელმაც ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ „ვიტ ჯორჯიას“ შანსი არ დაუტოვა. ორი ულამაზესი გოლი დათა სიჭინავამ (45+2, 89) გაიტანა, თითო გოლი კი გიორგი კორიფაძის (55. პენალტი) და ვარლამ კილასონიას (87) ანგარიშზეა და „სიონმა“ „გაგრას“ 3 ქულით გადაასწრო.