„გაგრამ“ მოგება ხელიდან გაუშვა - ფოცხვერიას შვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრამ“ მოგება ხელიდან გაუშვა - ფოცხვერიას შვილმა სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრის პირველი ტურის ორი შეხვედრა გაიმართა – გამარჯვებული არ გამოვლინდა და ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა.

თბილისის ზღვის „ზესტაფონის“ ბაზაზე გათამაშების ლიდერმა, საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ მესამეადგილოსანს, მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა და მოგებასთან ახლოს იყო – 81-ე წუთზე, მასპინძლები შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ნოზაძემ დააწინაურა, მაგრამ 90-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ ანგარიში გაათანაბრა და „მერანს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მარტვილელებმა წელს „გაგრასთან“ პირველი ქულა აიღეს.

ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე საჩხერეს „ჩიხურამ“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მეტოქეს ქულა წაართვა. 32-ე წუთზე, „ვიტ ჯორჯია“ მათე ტერელაძის გოლით დაწინაურდა, მაგრამ საჩხერელებმა იბრძოლეს და 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. 17 წლის ნიკა კაპანაძის პასით 18 წლის ივანე ფოცხვერიამ ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1. ივანე ფოცხვერია საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ყოფილი თავდამსხმელის, მიხეილ ფოცხვერიას ვაჟია და პროფესიულ დონეზე პირველი გოლი გაიტანა.

მე-19 ტურის დანარჩენი მატჩები 30 ივნისს გაიმართება:

ოთხშაბათი, 30 ივნისი

დინამო ზგ – შევარდენი 1906

18:00. ცენტრალური – განმუხური

მერანი თბ – გარეჯი

18:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

რუსთავი – სიონი

19:00. სფფ-ს ტექნიკური ცენტრი – რუსთავი