„გაგრამ“ „დინამოს“ თავდამსხმელი დაიმატა
„გაგრამ“ „დინამოს“ თავდამსხმელი დაიმატა

ლიგა 2-ში მონაწილე „გაგრამ“ მუხრანის საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიში განაახლა. ფეხბურთელებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, მინდორზე დისტანციას იცავენ და გუნდი ჯანდაცვის სამინისტროს ზოგად რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაჰყო და 10-10 კაცის შემადგენლობით ავარჯიშა. ყურადღება ძირითადად ფუნქციონალურ მომზადებას დაეთმო.

აღსანიშნავია, რომ კარანტინის მიუხედავად, ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით ფეხბურთელებს პრობლემა არ აქვთ. გუნდი იმაზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ამას მწვრთნელები ვარაუდობდნენ. ამ ფაქტმა საწვრთნელ პროცესს დადებითი მუხტი შესძინა.

„გაგრას“ პრეს-სამსახურის ცნობით, კლუბში სატრანსფერო სიახლეებია: გუნდს თბილისის „დინამოდან“ ფორვარდი მიხეილ ერგემლიძე დაემატა, რომელიც ასაკობრივი ნაკრების წევრია და საჩხერის „ჩიხურასთან“ ერთად ევროპა ლიგაც აქვს ნათამაშები. მიმდინარეობს მოლაპარაკება შემტევ ნახევარმცველთან და კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ეს ტრანსფერიც წარმატებით განხორციელდება.