„გაგრა“ სეზონისთვის და სუპერთასისთვის ემზადება - შემადგენლობის დაკომპლექტება სრულდება
ფეხბურთში 2021 წელს პირველი ტიტული 21 თებერვალს გათამაშდება. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან.
ახალი სეზონისთვის „გაგრა“ სახეშეცვლილი და გაძლიერებული ემზადება. გუნდმა 2020 წელს საქართველოს თასი მოიგო, უეფა-ს ახალ ტურნირზე, კონფერენციათა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა და მიზნად შემადგენლობის გაძლიერებას და ეროვნულ ლიგაში გადასვლას ისახავს.
საქართველოს პირველ არხთან „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე იმედოვნებს, რომ გუნდი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება.
„გასულ წელს საქართველოს თასი მოვიპოვეთ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა – წელს ეროვნულ ლიგაში გადასვლაზეც ვიფიქრებთ და საქართველოს ევროსარბიელზეც არ შევარცხვენთ. გუნდის შემადგენლობა გვაიმდებს, რომ ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიან“, – აცახდებს საქართველოს პირველ არხთან „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტი.
მთავარი მწვრთნელის, გაგა კირკიტაძის თქმით, „გაგრას“ დაკომპლექტება ფაქტობრივად, დასრულდა:
„ჩვენი მიზანი ეროვნულ ლიგაში პირველი ადგილით გადასვლაა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ლიგა 2-ში ვართ და ზოგიერთმა ფეხბურთელმა გადმოსვლაზე ამიტომაც შეიკავა თავი. მათ ეროვნულ ლიგაში თამაში უფრო აინტერესებთ. ეს ჩვეულებრივი მომენტია და გასაგებია. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გავძლიერდით და 99 პროცენტით დაკომპლექტებული ვართ. სეზონის მსვლელობისას შევხედავთ, რომელ რგოლში როგორი სიტუაცია გვექნება, რომ ეროვნულ ლიგასა და კონფერენციათა ლიგაზე ღირსეულად ვითამაშოთ“.