„გაგრა“ მესამე წრის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT
„გაგრა“ მესამე წრის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ში 27-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და ამით მესამე წრე დასრულდა. შედეგებმა სატურნირო ცხრილში კიდევ ერთხელ შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილება და ლიდერიც კიდევ ერთხელ შეიცვალა.

მერანი (მ) – ჩიხურა 3:1

მარტვილის „მურთაზ ხურცილავა არენაზე“ მარტვილის „მერანმა“ აუტსაიდერს, საჩხერეს „ჩიხურას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გოლები სიხარულიამ (25), სილამ (58) და ლაღაძემ (80) გაიტანეს, საჩხერლებიდან კი თავი სადაღაშვილმა (66) გამოიჩინა.

დინამო (ზ) – ვიტ ჯორჯია 2:1

განმუხურის ცენტრალურ სტადიონზე ზუგდიდის „დინამომ“ სამმატჩიანი წარუმატებელი სერია „ვიტ ჯორჯიასთან“ მოგებით შეწყვიტა. წურწუმიას (22-პენ) და სულაძის (46) გოლებს სტუმრებმა მხოლოდ გოგილაშვილის (72) ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

შევარდენი – რუსთავი 4:3

ტურის ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა კასპში ჩატარდა – „შევარდენმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა და კიტეიშვილის (22. 26-პენ) დუბლით დასაწყისში 0:2-ს აგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ქორიძის (29) გოლით და ჭავჭანიძის (40) ავტოგოლით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო დოობის (51) გოლით დაწინაურდნენ. სტუმართა მცველმა ჯავაშვილმა (62) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ „შევრადენს“ გამარჯვება გვარაძემ (69) მოუტანა.

სიონი – მერანი (თბ) 0:0

ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ გათამაშების ლიდერმა, ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „მერანს“ ვერაფერი მოუხერხა და უმნიშვნელოვანესი ქულების დაკარგვით, ლიდერობაც დაკარგა.

გარეჯი – გაგრა 1:2

კონკურენტის ვერმოგებით „გაგრამ“ ისარგებლა და გასვლაზე საგარეჯოს „გარეჯი“ დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა. სტუმრები მარკოზაშვილმა მე-8 წუთზე დააწინაურა. საგარეჯოელებმა იბრძოლეს და 86-ე წუთზე ტყეშელაშვილმა წონასწორობა აღადგინა. თუმცა, 90-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ „გაგრა“ თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა და გამარჯვებასთან ერთად ლიდერობა, მოუტანა – 1:2.

„გაგრას“ მესამე წრის გამარჯვებულია და სატურნირო ცხრილში 61 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეზე „სიონია“ (60), ხოლო მესამეზე – მარტვილის „მერანი“ (46).