გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია - საქართველო ბათუმში 14 სპორტსმენით იასპარეზებს
გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია - საქართველო ბათუმში 14 სპორტსმენით იასპარეზებს

6-13 აპრილს ბათუმში გასამართი ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ნაკრებები დასკვნით შეკრებებზე არიან.

ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ბათუმში გამგზავრებამდე გუნდს დუშეთში ამზადებს, სადაც დღეს მედიისთვის ღია ვარჯიში გამართა და 13-კაციანი გაფართოებული შემადგენლობაც დაასახელა: გიორგი დოკვაძე – 55 კგ; შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი, გოდერძი ბერდელიძე – 61; გოგა ჩხეიძე – 67; არჩილ მალაყმაძე – 73; ლომია თებიძე – 81; რევაზ დავითაძე – 89; ანტონ პლესნოი – 96; ირაკლი ჩხეიძე – 102; ლაშა ტალახაძე, ირაკლი თურმანიძე, გიორგი ჩხეიძე – 109+.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე სულ 10 წონითი კატეგორიაა და თითოეულ ქვეყანას მამაკაცთა და ქალთა შორის სწორედ ამდენი სპორტსმენის კვოტა აქვს. ჯამში, თითოეულ ნაკრებს ორი სპორტსმენის დაყენება მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში შეუძლია. ასანიძის გუნდიდან კი, როგორც უკვე აღვიშნეთ, განაცხადი 13 ძალოსანზეა, ხოლო კონკრეტულად რომელი ათი იასპარეზებს ბათუმში გასამართ კონტინენტის პირველობაზე, ტურნირის დაწყების წინ გადაწყდება.

ოთხი ქალი ძალოსანი, რომლებიც ბათუმში იასპარეზებენ, ტურნირისთვის თბილისში ემზადებიან. ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ აპრილისთვის ოთხი სპორტსმენი შეარჩია: ხათუნა ჯიმშელეიშვილი – 49 კგ, მაკა ვეფხვაძე- 64, თათია ლორთქიფანიძე – 71, ნათია გადელია – 76.

ტურნირის მსვლელობის რვავე დღეს, ევროპის ჩემპიონატის მთავარი მოვლენების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.