გაერო-ში პოლონეთის ელჩი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები წარმოადგენს წლების განმავლობაში გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციას
გაერო-ში პოლონეთის ელჩი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები წარმოადგენს წლების განმავლობაში გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციას

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები წარმოადგენს წლების განმავლობაში გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციას, – ამის შესახებ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვისას გაერო-ში პოლონეთის ელჩმა, ზბიგნევ ჩეხმა განაცხადა.

ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

„პოლონეთი სერიოზულად არის შეშფოთებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში – საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობით. სისტემური დარღვევების შემთხვევები, რაც მოიცავს ქართველების მიმართ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განათლების, ქონებისა და საბუთების გაცემის საკითხებში; თვითნებური დაკავებები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო გადაკვეთისთვის“ – ძალზე საგანგაშოა. სეპარატისტული რეჟიმების მიერ დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესთან ერთად, სერიოზულად აზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის შეზღუდვით, რაც განსაკუთრებით იგრძნობა COVID-19 პანდემიის პირობებში. ეს შეზღუდვები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ჰუმანიტარულ ვითარებას, რიგ შემთხვევებში მოსახლეობას ართმევს საარსებო წყაროს, წყალმომარაგებას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს, ან თუნდაც იწვევს საკვებისა და წამლების დეფიციტს“, – განაცხადა ზბიგნევ ჩეხმა.

მისივე თქმით, ეთნიკური ქართველების დაღუპვასა და მკვლელობებზე პასუხისმგებლობის არარსებობა, აშკარა ნიშანია, რომ ორივე ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები წარმოადგენს წლების განმავლობაში გამოვლენილ შემაშფოთებელ ტენდენციას.

ეთნიკური ქართველების დაღუპვასა და მკვლელობებზე პასუხისმგებლობის არარსებობა, კერძოდ, ირაკლი კვარაცხელია, არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და დავით ბაშარული – აშკარა ნიშანია, რომ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არ გაუმჯობესდება; სიტუაცია, რომელიც მოითხოვს ამ ფორუმის განსაკუთრებულ ყურადღებას. კიდევ ერთხელ, პოლონეთი მოუწოდებს ყველას, ვინც აკონტროლებენ შესაბამის ტერიტორიებს, მიეცეთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებს მათზე შეუფერხებლად დაშვება“, – განაცხადა ზბიგნევ ჩეხმა.

გაერო-ში პოლონეთის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.