გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი კრისტოფერ ლუ - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი კრისტოფერ ლუ - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი კრისტოფერ ლუ გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ აშშ მოხარულია, იყოს ამ რეზოლუციის თანასპონსორი.

მისივე თქმით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ამასთან, როგორც კრისტოფერ ლუმ გაერო-ს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მოუწოდებენ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

„აშშ მოხარულია, იყოს ამ რეზოლუციის თანასპონსორი და მხარდამჭერი. ათ წელზე მეტი ხნის წინ რუსეთის აგრესიამ თავდაყირა დააყენა საქართველოს მილიონობით მოქალაქის ცხოვრება. ბევრ მათგანს ამ დრომდე არ შეუძლია, დაუბრუნდეს თავის კონფლიქტამდელ ცხოვრებას და სახლებს. რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი ომის შედეგად რიგითი ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ეს ტანჯვა გრძელდება, რუსეთის აგრესია გაფართოვდა უკრაინაზე.

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე, როგორც ჩვენ ვუჭერთ მხარს გაერო-ს წევრი ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გაერო-ს წესდებისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლი შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და დაუშვას დაუბრკოლებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომა. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უნდა გადადგან დაუყოვნებლივი ნაბიჯები ადამიანის უფლებების პატივისცემისთვის. შეწყვიტონ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ კონსტრუქციების აგება და შექმნან უსაფრთხო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს დევნილებისა და ლტოლვილების ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას, რეინტეგრაციას“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 95-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.