გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით პაუზების აუცილებლობაზეა საუბარი.
„მოვუწოდებთ გადაუდებელი და გაფართოებული ჰუმანიტარული პაუზებისა და დერეფნებისკენ მთელ ღაზის სექტორში, რათა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ჰუმანიტარული სააგენტოებისა და მათი პარტნიორებისთვის შესაძლებელი გახდეს სრული, სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე მოუწოდებენ „ჰამასისა“ და სხვა დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებისკენ.
რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, სამმა კი – აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და რუსეთმა თავი შეიკავა.
გაერო-ში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის განცხადებით, რეზოლუცია რეალობისგან მოწყვეტილი და უაზროა. მისი მტკიცებით, ისრაელი მოქმედებას საერთაშორისო სამართლის მიხედვით განაგრძობს.
რეზოლუციას გამოეხმაურა გაერო-ში აშშ-ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი, რომელმაც განაცხადა, რომ „შეშინებულია იმით, რომ ამ საბჭოს რამდენიმე წევრი ჯერ კიდევ ვერ აიძულებს თავს, დაგმოს ბარბაროსული ტერორისტული თავდასხმა, რომელიც „ჰამასმა“ განახორციელა ისრაელის წინააღმდეგ“.