გაერო - მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს, მათ შორის უკრაინაში ომის გამო
მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა 100 მილიონს, მათ შორის უკრაინაში ომის გამო, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ადამიანები იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები სამხედრო და სამოქალაქო კონფლიქტების, დევნის, ადამიანის უფლებების დარღვევის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო.
ანგარიშის თანახმად, ასეთი ნახტომის ერთ-ერთი კატალიზატორი იყო რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომი. გაერო-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 14 მილიონზე მეტი უკრაინელი გახდა დევნილი. მათგან დაახლოებით ექვსმა მილიონმა დატოვა ქვეყანა, ხოლო კიდევ რვა მილიონი გახდა იძულებით გადაადგილებული პირი.
იძულებით გადაადგილების მონიტორინგის ცენტრის (IDMC) ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობა უკვე აღემატება მსოფლიო მოსახლეობის ერთ პროცენტს.