გაერო იემენში 75-ზე მეტ დამკვირვებელს გაგზავნის
გაერო იემენში 75-ზე მეტ დამკვირვებელს გაგზავნის

გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია იემენში რამდენიმე ათეულ დამკვირვებელს გაგზავნის. საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ექვსი თვის განმავლობაში 75-ზე მეტი დამკვირვებელი ჩავა. ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და დაპირისპირებული მხარეების მიერ სამხედრო განიარაღების პროცესს დააკვირდებიან.

რამდენიმე კვირის წინ გაერო-ს მიერ წარმოებული სამშვიდობო მოლაპარაკებების საფუძველზე იემენის ხელისუფლებამ და ამბოხებულმა შიიტმა ჰუსიტებმა ჰოდეიდაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მას შემდეგ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პორტი გაერო-ს მეთვალყურეობის ქვეშ გადავიდა.

ჰოდეიდას პორტში დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი მოქმედებების გამო, ქვეყანა ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ იღებდა. იემენი კი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.