იემენის საპორტო ქალაქში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
იემენის საპორტო ქალაქში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

იემენის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ ჰუსიტებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაერო-ს შუამავლობით შვედეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი მიღწევა გახდა.

როგორც ტელეკომპანია „ალ-არაბია“ იტყობინება, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულმა მთავრობამ თავის ძალებს 18 დეკემბრის შუაღამიდან ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა. ზავი ვრცელდება ჰოდეიდას პროვინციაზე, თავად ქალაქსა და პორტზე. იემენის მთავრობა მოუწოდებს გაერო-ს, უზრუნველყოს ჰუსიტი ამბოხებულების მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება.

„ალ- არაბიას“ ცნობითვე, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მზადყოფნა დაადასტურეს ამბოხებულებმაც.
თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰუსიტებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს.

ალ-არაბიას“ ცნობით, ქალაქის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში შეტაკებები მოხდა.

იემენის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ჰოდეიდა, რომელსაც ამჟამად ამბოხებულები აკონტროლებენ, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პორტია. პორტს საერთაშორისო ორგანიზაციები ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ. ჰოდეიდაში საომარი მოქმედებების გამო, მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდება ფერხდება, რაც იემენში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობს კიდევ უფრო ამწვავებს. კონფლიქტით მოცულ ქვეყანაში 14 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.

კონფლიქტი იემენში 2014 წელს დაიწყო. ქვეყნის მთავრობას ამბოხებული შიიტი ჰუსიტები დაუპირისპირდნენ, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს. მალევე კონფლიქტში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია ჩაერთო, რომელიც ხელისუფლებას ავიაიერიშებით ეხმარება. საბრძოლო მოქმედებებს იემენში 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.