გადაწყვეტილია - მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალზე არ გაემგზავრება
გადაწყვეტილია - მხითარიანი ევროპა ლიგის ფინალზე არ გაემგზავრება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი 29 მაისს დაგეგმილ „ევროპა ლიგის“ ფინალში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მატჩი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება და 30 წლის სომეხი ფეხბურთელი თვლის, რომ მისი უსაფრთხოება მოედანზე და მის მიღმა დაცული ვერ იქნება.

„ჩვენ გავითვალისწინეთ ყველა გარემოება და მივედით მძიმე გადაწყვეტილებამდე, რომ მე გუნდთან ერთად „ევროპა ლიგის“ ფინალზე არ გავემგზავრები. მსგავსი შანსი ადამიანს ხშირად არ ეძლევა და ვაღიარებ, ძალიან მწყინს, ასე რომ მოხდა“, – განაცხადა მხითარიანმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პოლიტიკური ვითარების გამო მხითარიანს ბაქოში ადრეც გამოუტოვებია საკლუბო თამაშები.

„ჩვენ მივწერეთ უეფას და გამოვთქვით ღრმა შეშფოთება მსგავსი სიტუაციის გამო“, – ნათქვამია „არსენალის“ განცხადებაში. – „მიკი ჩვენი გუნდის საკვანძო ფეხბურთელი იყო მთელი სეზონის განმავლობაში და გუნდური გადმოსახედიდან მისი არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება“.

აღსანიშნავია, რომ უეფამ „არსენალს“ პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ფეხბურთელის უსაფრთხოების გარანტიები აზერბაიჯანის მხარისგან მიღებული ჰქონდა.

„ამ გარანტიების შედეგად, შემუშავებულ იქნა უსაფრთხოების გეგმა, რომელიც კლუბს გადაეცა“, – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ლონდონური კლუბი ამას არ უარყოფს, უეფას მიერ გაწეულ მუშაობას აფასებს და აცხადებს, რომ მხითარიანის ფინალზე არწასვლის გადაწყვეტილება თავად ფეხბურთელმა და მისმა ოჯახის წევრებმა მიიღეს.

„არსენალმა“ წელს პრემიერ ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა და მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს, თუ 29 მაისს, „ევროპა ლიგის“ ფინალში, ჩელსი დაამარცხა.