გაბრიელიუს ლანდსბერგისი​ - რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც
გაბრიელიუს ლანდსბერგისი​ - რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, საქართველოში, უკრაინაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რა დროსაც დიპლომატები ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ. შეხვედრაში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას კლიმტის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კერი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს ისაუბრებენ იქნება სიტუაცია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში.

„ჩვენ უნდა გადავხედოთ სიტუაციას და ვნახოთ, როგორ შეიძლება ევროკავშირი უფრო მეტად იყოს ჩართული დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებში. უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ შეგვიძლია უკეთესი და უფრო ძლიერი ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ასევე დღეს გავესაუბრებით ჯონ კერის და განვიხილავთ კლიმატის ცვლილებებს. ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია აშშ-თან ერთად კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან იცვლება და ახლა უფრო მტკიცე პარტნიორობის გზას ვადგავართ. ასევე ვისაუბრებთ რუსეთზე, სადაც პირიქით, ურთიერთობები გაურესებულია“,- განაცხადა ბორელმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც.

„ცხადია, რომ რუსეთი ხდება უფრო აგრესიული და ეს ხდება არა მხოლოდ სამეზობლოში, უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, არამედ უკვე ევროკავშირის შიგნითაც. ის, რაც მოხდა ჩეხეთში ცხადყოფს, რომ რუსეთმა 2014 წელს ჩაატარა ოპერაცია ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ერთ-ერთ ქვეყენაში. ეს არ უნდა დავტოვოთ უპასუხოდ. ევროპა უნდა იყო ერთიანი რუსეთის ასეთი ქმედებების პასუხში“,- განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.