გაბედავამ საგოლე ანგარიში ჰეთ-თრიქით გახსნა - ქართველების დამატება გულშემატკივარს ახარებს
გაბედავამ საგოლე ანგარიში ჰეთ-თრიქით გახსნა - ქართველების დამატება გულშემატკივარს ახარებს

გიორგი გაბედავამ პოლონეთში საგოლე ანგარიში შთამბეჭდავად გახსნა – 29 წლის თავდამსხმელმა ჩეხურ კლუბთან თავი შედეგიანი თამაშით გამოიჩინა.

სოსნოვიეცის „ზაგლემბიე“ ჩეხეთის რანგით მეორე ლიგის „ზნოიმოს“ ამხანაგურად შეხვდა და დამაჯერებლად დაამარცხა – 4:2. ამაში გადამწყვეტი როლი სწორედ გაბედავამ შეასრულა. პირველ ტაიმში პოლონური გუნდი 3:1 დაწინაურდა და სამივე გოლი ქართველის ანგარიშზეა – გაბედავამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ჰეთ-თრიქი შეასრულა – მან თავი 26-ე, 33-ე და 44-ე წუთებზე გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი შეცვალეს.

პოლონელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა მეორე ქართველმაც – გიორგი ივანიშვილმა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი ორიოდე დღის წინ გააფორმა.

პოლონეთის ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ „ზაგლებიე“ ბოლო ადგილზეა. შეხვედრას შემდეგ კლუბის ოფიციალური გვერდზე „ზაგლებიეს“ გულშემატკივარმა კომენტარი დაწერა, სადაც ქართველების დამატებით კმაყოფილება გამოთქვა – „ყოჩაღ! ეს მოგება გუნდის მორალურ მდგომარეობაზე დადებით გავლენას მოახდენს. გუნდი პირველ ნახევარში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ძალიან მიხარია, რომ ახალი ფეხბურთელი, ქართველი გაბედავა ასე გაიხსნა. ოლაფ ნოვაკს თამაში თუ არ უნდა, შეგიძლიათ დაასვენოთ – ივანიშვილის სახით მას მშვენიერი ალტერნატივა გამოუჩნდა“.