ფუტსალის ლიგა - „თელასმა“ კსუ დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა #1TVSPORT
ფუტსალის ლიგა - „თელასმა“ კსუ დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა #1TVSPORT

ფუტსალის ლიგაში გადამწყვეტი მატჩები დაიწყო. საქართველოს ფუტსალის თასის მოპოვების შემდეგ, „თელასი“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (კსუ) უკვე საჩემპიონო ფინალში დაუპირისპირდა.

ფინალური სერია სამ გამარჯვებამდე გაგრძელდება. პირველი შეხვედრა კი ავთანდილ ასათიანის გუნდმა მოიგო, რომელიც მთელი სეზონი ძალიან კარგ და სტაბილურ თამაშს აჩვენებდა.

თუმცა კსუ-მ შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო და პირველივე ტაიმში 2:0 დაწინაურდა. ანგარიში მე-4 წუთზე ნიკა მანგოშვილმა გახსნა, მე-16 წუთზე კი ლუკა ფარცვანიამ ძლაიან მახვილი კუთხიდან ულამაზესი გოლით კსუ-ს უპირატესობა ორამდე გაზარდა.

„თელასმა“ დროულად შეძლო თამაშში დაბრუნება და როგოც გამოჩნდა, გუნდს ამან მატჩის შემოტრიალების შანსი მისცა – ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, დავით ხეჩიკაშვილმა მე-19 წუთზე გატანილი ასევე ძალიან ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და კსუ-მ ტაიმი 2:1 მოიგო.

ხეჩიკაშვილმა მეორე ნახევარში დუბლი შეასრულა (25-ე წუთზე) და ანგარიში გაათანაბრა. 30-ე წუთზე ირაკლი თოდუამ „თელასი“ პირველად დააწინაურა. მატჩის მიწურულს კსუ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მთელი გუნდით შეტევაში წავიდა. ამით ისარგებლა „თელასის“ მეკარე ალექსანდრე ჯამბურიამ, საკუთარი კარიდან დაარტყა, ხოლო ვახტანგ კეკელიამ (40) საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2 „თელასის“ სასარგებლოდ.

„თელასისა“ და კსუ-ს საჩემპიონო სერიის მეორე შეხვედრა 18 ივნისს გაიმართება. მატჩს ისევ თბილისის ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

დატოვე კომენტარი