ფუტსალის ლიგა | პსპ-მ მოიგო და უდანაკარგოდ ლიდერობს #1TVSPORT
ფუტსალის ლიგაში მე-3 ტურის შეხვედრები დაიწყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მორიგი გამარჯვება იზეიმა PSP–მ („პე-ეს-პე“), რომელიც მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერია.
პსპ – ბსსა 8:2
„პე-ეს-პემ“ პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და 3:0 დაწინაურდა. „ფარმაცევტების“ უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამოიკვეთა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ნიკა კოპლატაძემ (2, 13, 39) ჰეთ-თრიქი შეასრულა, თითო-თითო გოლი გიორგი მამულაშვილის (9), მიხეილ თევზაძის (21), მელიტონ ახალაიას (24), ნიკა კურტანიძის (36) და ლევან სვანიძის (38) ანგარიშზეა. ბათუმელებიდან თავი გოგიტა აბულაძემ (37) გამოიჩინა, ხოლო მათი მეორე გოლი გიორგი აფციაურმა (32) ავტოგოლით გაიტანა. ამ გამარჯვებით „პე-ეს-პემ“ 9 ქულა დააგროვა და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია.
თსუ – მართვე 2:1
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი თსუ ქუთაისის „მართვესთან“ მე-5 წუთზე დაჩი ჩადუნელმა დააწინაურა, სტუდენტების უპირატესობა მეორე ნახევარში გიორგი ჩიმაკაძემ (22) გაზარდა. „მართვემ“ ბოლო წამზე სხვაობა შეამცირა, მეტოქის კარი გიორგი გურეშიძემ (40) აიღო და თსუ-მ სეზონში მეორე მატჩი 2:1 მოიგო.
მე-3 ტურის დარჩენილი ორი შეხვედრები ხვალ, 29 ოქტომბერს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: „ილიაუნი“ „არმიას“ შეხვდება, ხოლო ნაკრების საბაზო გუნდი „თელასი-ჯორჯიანსი“ მოქმედ ჩემპიონს, „კსუ“-ს დაუპირისპირდება.