ფუტსალი | საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მალტა 9:0 დაამარცხა – გოლი მეკარემაც გაიტანა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი მალტასთან გამართა და დიდი ანგარიშით, 9:0 დაამარცხა.
ლიეტუვის ქალაქ დრუსკინინკაიში მიმდინარე მინიტურნირზე ბესო არველაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა შესარჩევი ციკლის პირველი შეხვერა გერმანიასთან ფრედ, 1:1 დაასრულა. ელიტრაუნდში გასასვლელად ჩვენს ნაკრებს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.
საქართველომ თამაშის ბედი, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში გადაწყვიტა, რომელიც 4:0 მოიგო. შესვენების შემდგ ქართველებმა კიდევ ხუთი ბურთი გაიტანეს. თითოჯერ თავი გიგა ლომაიამ (მეკარე), ნიკა ქარცივაძემ, დაჩი ცალუღელაშვილმა, დავით წერეთელმა და მოსე ჩირიკოვმა გამოიჩინეს, ხოლო ნიკოლოზ გოგოხიამ და გიორგი აირაპეტიანმა დუბლი შეასრულეს.
შესარჩევი ციკლის დასკვნით, მესამე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები 25 იანვარს ჯგუფის მასპინძელ ლიეტუვას დაუპირისპირდება.
მეინ რაუნდის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს. ფუტსალის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 28 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით მოლდოვაში გაიმართება.