ფუტსალი | „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ირლანდიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ფუტსალი | „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ ირლანდიის ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა ფუტსალში, „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა“ (კსუ) ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდის მეორე ტურში ირლანდიის ჩემპიონი „ბლუ მეჯიქ დუბლინი“ 4:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

ლევან კობაიძის გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის „ბუბა მარასთან“ 1:4 წააგო, რის გამოც მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს იმ მეტოქესთან, რომელმაც პირველ ტურში უელსის „კარდიფი“ 4:0 დაამარცხა და „ბუბა მარასთან“ ერთად ჯგუფში გალიდერდა.

ბოსნიის ქალაქ კაზინიში მიმდინარე წინასწარი რაუნდის G ჯგუფის მეორე ტურში კსუ-მ შესანიშნავად ითამაშა და ერთ-ერთი ფავორიტი დამაჯერებლად დაამარცხა. ანგარიში პირველივე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ გახსნა, მე-10 წუთზე კი ნიკა მანგოშვილმა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში დაძაბულობა მოიმატა, თუმცა მანგოშვილის დუბლმა (24) სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. ირლანდიელებმა ჯონათან ბერალდოს (30) ზუსტი დარტყმით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საბა ტყეშელაშვილმა (36) სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა – 4:1.

ორი ტურის შემდეგ კსუ-ს ანგარიშზე 3 ქულაა და მეორე ადგილზეა. ჯგუფის ბოლო ტურში 30 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონი უელსის „კარდიფს“ დაუპირისპირდება.