ფუტსალი | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT
ფუტსალი | კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა #1TVSPORT

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (კსუ) გუნდმა საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალურ სერიის მეოთხე მატჩში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“ 4:2 (სერიაში 3:1) დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ფინალურ სერია სამ მოგებამდე იყო. კსუ თავიდან 2:0 დაწინაურდა, მესამე მატჩი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა“ მოიგო და სერიაში სხვაობა შეამცირა – 2:1.

მეოთხე შეხვედრის მე-12 წუთზე კსუ გიორგი ჩიმაკაძის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდა. წონასწორობა ვახტანგ ჯვარაშვილმა (16) აღადგინა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეორე ტაიმი, როდესაც „კავკასიელებმა“ ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს – თავი ნოდარ ქურცაძემ (26), ლუკა ფარცვანიამ (28) და საბა ტყეშელაშვილმა (32) გამოიჩინეს. ვახტანგ კეკელიამ (36) სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ჯორჯიანსმა“ თამაში ვეღარ გადაარჩინა.

საბოლოოდ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სერია 3:1 მოიგო და ლევან კობაიძის ხელმძღვანელობით გუნდი ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.