ფუტსალი | გიორგი ღავთაძე - ბრაზილიელების წასვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ თამაში ქართველებსაც კარგად შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ღავთაძემ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„გააზრებული გვაქვს, რა დონის ტურნირზე მოვხვდით, რთული თამაშები გველოდება. მასპინძელ ლატვიასთან პირველი შეხვედრა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება, მერე ძალიან ძლიერ ხორვატიასა და საფრანგეთს დავუპირისპირდებით, მაგრამ იმედია, ჯგუფიდან გასვლას შევძლებთ.
ევროპის ჩემპიონატის საგზური გუნდმა მხოლოდ ქართველი მოთამაშეებით მოიპოვა, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. საქართველოს ნაკრებში ძალიან მაღალი კლასის ბრაზილიელები თამაშობდნენ, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართველებს ფუტსალის თამაში კარგად შეგვიძლია. შევეცდებით, კარგი თამაშით და შედეგით ქართველი ქომაგები გავახაროთ“, – განაცხადა გიორგი ღავთაძემ.
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ლატვიას, ხორვატიას და საფრანგეთს შეხვდება.
ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ლატვიასთან გამართავს. თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
21 იანვარი | ლატვია – საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია – საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო – საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)