ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - იმედია, გულშემატკივარი ფინეთის ნაკრების დამარცხებაში დაგვეხმარება #1TVSPORT
ფუტსალი | ავთანდილ ასათიანი - იმედია, გულშემატკივარი ფინეთის ნაკრების დამარცხებაში დაგვეხმარება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ფეხბურთელმა გიორგი ღავთაძემ კომენტარი გააკეთეს ფინეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის მესამე მატჩზე, რომელიც 7 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

ავთანდილ ასათიანი: „ყველა მატჩი მნიშვნელოვანია, რაც თამაშიდან თამაშამდე დასტურდება. ფინეთის სიძლიერეს ისიც ადასტურებს, რომ ერევანში სომხეთის ნაკრებს მოუგო. მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები შევისწავლეთ. სამწუხაროდ, გვაქვს დანაკლისი, თუმცა ვეცდებით, რომ ეს გუნდს არ დაეტყოს. მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. სომხეთის ნაკრები ერთად დავამარცხეთ, ქომაგი მრავლად იყო მოსული. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და დაგვეხმარებიან გამარჯვების მოპოვებაში“.

გიორგი ღავთაძე: „ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და მიუხედავად დანაკლისისა, მზად ვართ თამაშისთვის. ვეცდებით, ფინეთთან ორივე მატჩში მოვიპოვოთ გამარჯვება. ეს ექვსი ქულა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს, მოვიდეს თამაშზე და მხარი დაგვიჭიროს. თითოეული ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი კომფორტია სავსე ტრიბუნების წინ თამაში“.

საქართველოსა და ფინეთის შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორაჟს Livestream.com-ზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არხი შემოგთავაზებთ.

მატჩების განრიგი

7 ოქტომბერი

19:00 | საქართველო – ფინეთი

11 ოქტომბერი

19:10 | ფინეთი – საქართველო