„ფრონტერას“ ხელმძღვანელი - დაახლოებით 70 ადამიანს არ აუღია ხელფასი, ჩემი ჩათვლით, ამის მიზეზია, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ დაგვიკეტა ექსპორტი, გაგვიყინა ანგარიშები
„ფრონტერას“ ხელმძღვანელი - დაახლოებით 70 ადამიანს არ აუღია ხელფასი, ჩემი ჩათვლით, ამის მიზეზია, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ დაგვიკეტა ექსპორტი, გაგვიყინა ანგარიშები

კომპანია „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილი აცხადებს, რომ „ფრონტერასთან“ მიმართებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას დღევანდელ განცხადებაში უზუსტობები იყო.

მისი თქმით, გაუგებარია საძიებო ტერიტორიების რა პროცენტულობაზე საუბრობს მინისტრი.

„ჩვენთვის გაუგებარია, რა ერთ პროცენტზე და 99 პროცენტზე საუბრობდა მინისტრი. გავეცანით მის განცხადებას და სამწუხაროდ, არც ერთი წინადადება, რაც „ფრონტერასთან“ მიმართებაში წარმოთქვა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასე რომ, რთულია კომენტარი ამ პროცენტულ რაოდენობებზე. მაგალითად, უზუსტობა იყო, როცა მინისტრმა ბრძანა, თითქოს, ყველა მოთხოვნა, რომელიც საარბიტრაჟო დავის დროს წამოგვიყენეს, დაუკმაყოფილა სასამართლომ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს; თითქოს, სასამართლოს ხარჯების გადახდა დაგვეკისრა ჩვენ და ეს იმის ნიშანია, რომ წავაგეთ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს; თითქოს, რაღაც ვალდებულებებს არ ვასრულებდით წლების განმავლობაში, არც ეს შეესაბამება სინამდვილეს. თითოეული წინადადება, რაც ბრძანა ქალბატონმა მინისტრმა, იყო მცდარი, ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული“, – განაცხადა ზაზა მამულაიშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, „ფრონტერა“ არასდროს ყოფილა და არ არის კონტრაქტის პირობების გასაჯაროების წინააღმდეგი.

„სანამ ჩვენს წინააღმდეგ არბიტრაჟში წამოიწყებდნენ დავას, მანამდე შვიდი წლის განმავლობაში გვებრძოდა სახელმწიფო, ხან ბურღვის ნებართვას არ გვაძლევდა, ხან ექსპორტს გვიჩერებდა, ხან ანგარიშს გვიყინავდა, ახლა გვაიძულეს, ხალხი გაგვეშვა სამსახურიდან. რაც გვეკუთვნის დასაბრუნებელი დღგ, რამდენიმე ათეული მლნ ლარია უკვე დაგროვილი წლების განმავლობაში, არ გვიბრუნებს“, – განაცხადა „ფრონტერას“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, კომპანიამ სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორია, სადაც არ აწარმოებდა ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოებს.

„თუ ხედავ, რომ არ არის ხელისუფლება მეგობრულად განწყობილი ინვესტიციების მიმართ, ასეთ პირობებში მუშაობა ადვილი არ არის. ბოლო შვიდი წელია, ასეთ გარემოში გვიწევს მუშაობა. ეს რომ არ ყოფილიყო, შვიდი წლის წინ ძალიან გავზრდიდით მასშტაბს და ნახევარი მილიარდი კი არა, შეიძლება, ხუთ მილიარდიანი ინვესტიცია ყოფილიყო უკვე განხორციელებული. დავუბრუნეთ სახელმწიფოს ის ტერიტორია, სადაც არ ვაწარმოებდით ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების სამუშაოებს. სადაც ვაწარმოებდით, ვაგრძელებთ ჩვეულებრივ მუშაობას“, – აცხადებს მამულაიშვილი.

რაც შეეხება დასაქმებულთა სახელფასო დავალიანებას, კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, საუბარია დაახლოებით 70 ადამიანზე, მისი ჩათვლით,

„რაც შეეხებათ დასაქმებულებს, რომლებსაც ხელფასები არ აუღიათ, ეს გახლავთ დაახლოებით 70 ადამიანი, ჩემი ჩათვლით, არც მე მაქვს რამდენიმე თვის ხელფასი აღებული. ამის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ დაგვიკეტა ექსპორტი, რკინიგზა აღარ გვაწვდიდა ცისტერნებს, რომ ექსპორტზე გაგვეტანა პროდუქცია, სრულიად უკანონოდ გაგვიყინა ანგარიშები, სწორედ ამის გამო ვეღარ შევძელით იმ სახელფასო ვალდებულებების შესრულება, რომელიც გვქონდა თანამშრომლების წინაშე. როგორც კი სახელმწიფო დაიცავს ისევ კონტრაქტის პირობებს, მოგვცემს კონტრაქტის პირობების მიხედვით მუშაობის საშუალებას და პლიუს ამას, წლების განმავლობაში დაგროვილ რამდენიმე ათეულ მილიონიან დღგ-ს დავალიანებას დაგვიბრუნებს, მაშინვე აღვადგენთ ნორმალურ სამუშაო პროცესს, იმ დავალიანებასაც გავასწორებთ ყველა თანამშრომელთან, ვისთანაც გვაქვს და გავაგრძელებთ ნორმალურად მუშაობას. ამისთვის გვჭირდება, სახელმწიფო მტრულად კი არ იყოს ჩვენს მიმართ, არამედ საქმიანად, ისე როგორც შეეფერება ნორმალური სახელმწიფოს ნორმალურ ხელისუფლებას“, – განაცხადა ზაზა მამულაშივილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის ერთ პროცენტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც ისაუბრა.